Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოდან, მათ შორის ჯავახეთიდან, დროებით სწავლობენ ევროპის უნივერსიტეტებში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაცვლითი პროგრამით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ 10-მა სტუდენტმა ისარგებლა.
Erasmus+ პროგრამა საქართველოს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში და გაეცნონ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. პროგრამა სტუდენტის სწავლის ყველა ფინანსურ ხარჯს ფარავს.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის, განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქართველოს უნივერსიტეტები დაკავშირებულია Erasmus+-ის ორ პროგრამასთან: ინსტიტუციური განვითარების პროგრამასთან და სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამასთან.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი 2012 წლიდან Erasmus+-ის ორივე პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს. უნივერსიტეტს 12 პროექტი აქვს განხორციელებული, კიდევ 3 მიმდინარეობს.
„ევროკავშირი მხარს გვიჭერს, ჩვენ ვწერთ პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს და ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსების განვითარებისთვის“, – ამბობს გურანდა მოდებაძე, Erasmus+ პროგრამის მენეჯერი სამცხე-ჯავახეთში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, Erasmus+ პროგრამის მენეჯერის თქმით, ამ პროგრამით წელიწადში მინიმუმ ორი სტუდენტი მიდის ევროპაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებთან.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსიდან მხოლოდ ერთი მსურველი იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გადაწყვიტა და პროგრამაში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა ამ შესაძლებლობით არაერთმა ჯავახმა სტუდენტმა ისარგებლა თბილისის უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი მათგანია ახალქალაქელი რიმა მარანგოზიანი. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2022 წელს ნორვეგიაში სწავლობდა. რიმა ჟურნალისტია, სწავლობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ინსტიტუტში – GIPA-ში. იქიდან გაცვლით ერთი თვით ნორვეგიაში წავიდა, გლობალურ ჟურნალისტიკას ასწავლიდა.
„ეცნობი საგანმანათლებლო პროგრამას და ხვდები, თუ რამდენად განსხვავებულია ის საქართველოსთან შედარებით. შენ, როცა მათ სწავლას უყურებ, ფიქრობ, რისი ჩამოტანა შეგიძლია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომ საქართველოს დაეხმარო. ასევე მნიშვნელოვანია კულტურული გაცვლა. ევროპაში სწავლა ახალგაზრდებს ბევრ რამეს აძლევს, როგორც მთლიან განვითარებაში, ასევე როგორც ადამიანს. მგონი, საქართველოდან წელიწადში 100 ადამიანი მიდის Erasmus+ პროგრამით ევროპაში სასწავლებლად”,- ამბობს რიმა მარანგოზიანი.
ნორვეგიაში ერთთვიანმა განათლებამ ბევრი რამ მისცა რომას.
„ნორვეგიაში სწავლამ ინგლისური ენის ცოდნა გამიუმჯობესა. ფაკულტეტი არ იყო ზუსტად ის, რასაც აქ ვსწავლობდი, საგნები განსხვავებული იყო. ეს ჩემთვის პრივილეგია იყო, ჟურნალისტიკასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მეთოდიკა იყო განსხვავებული. ჩვენი ლექტორები სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან იყვნენ, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ნორვეგიის უნივერსიტეტი თანამშრომლობდა, და გვასწავლიდნენ საერთაშორისო გამოცდილებას, თავიანთ ქვეყანაზე, მათ გამოცდილებაზე გვიყვებოდნენ,“ – თქვა რიმა მარანგოზიანმა.
ჯერჯერობით Erasmus+ პროგრამა გრძელდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ასევე სამთავრობო პროგრამების ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა გამოაცხადა, ამ პროგრამის ბედი, რომელიც დიდ შესაძლებლობებს აძლევს პატარა ქალაქებისა და სოფლების ახალგაზრდა ადამიანებს, უცნობია.