გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს გაუქმდა. პარლამენტმა უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო.
თავად ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი ყველაზე “არაევროპულ კანონს” ვეტოს დაადებდა, თუმცა 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ვეტო არ დაადო და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დაჩქარებულად, ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი, რომელიც დანაშაულებათა სიის გაფართოებას გულისხმობს, გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და ძირითადი მანდატისგან თანამშრომელთა ყურადღების გადატანას.
გაერო მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.