10 თებერვლიდან “მაგთის” მომხმარებლები ულიმიტო მომსახურების პაკეტს, “კოქტეილი 25”, 25 ლარად ვეღარ გაააქტიურებენ. ყველაზე იაფად ულიმიტო პაკეტის შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა და აბონენტებსაც გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.
პაკეტების ნაკრები, სახელწოდებით “კოქტეილი”, მომახმრებლებს სხვადასხვა სერვისს ულიმიტოდ ან შეღავათიან ფასად სთავაზობს. ყველაზე იაფი პაკეტი 5 ლარი ღირს, მაქსიმალური ღირებულება კი — 60 ლარია.
“კოქტეილი 25-ის” შეძენისას, რომლის ღირებულებაც 25 ლარი იყო, მომხმარებელი იღებდა 1 000 მეგაბაიტს, ულიმიტო ზარებთან და SMS-ბთან ერთად. თუმცა, “მაგთის” თანახმად, 10 თებერვლიდან აღნიშნულ პაკეტს აბონენტებს აღარ შესთავაზებენ.
კომპანიის განცხადებით, შესაბამის ნომრებზე — 2525 ან 2552 — დარეკვით 25-ლარიანი პაკეტის მაგივრად გააქტიურდება “კოქტეილი 30”, რომელიც 30 ლარი ღირს. მის ფარგლებში აბონენტი 3 000 მეგაბაიტს იღებს, ზარები და SMS-ები კი, “კოქტეილი 25-ის” მსგავსად, უფასო იქნება.
“ასევე, 10.02.22-დან გაუქმდება “კოქტეილი 25″-ის ავტომატური განახლება და მის ჩანაცვლებას შეძლებთ „კოქტეილი 30-ის“ ან თქვენთვის სასურველი სხვა პაკეტის ავტომატური განახლებით”, — დასძენს კომპანია.
განცხადებას თან ერთვის მომსახურების ცვლილებისას აბონენტის უფლებების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია:
“მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი პირობების ან ტარიფების ძალაში შესვლამდე, შეცვალოს მომსახურების პაკეტი, ან შეწყვიტოს იმ მომსახურების სახეობა, რომელსაც ეხება ცვლილებები, ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.
თუ მომხმარებელი გააგრძელებს მომსახურების შეცვლილი პირობებით მიღებას, მიიჩნევა, რომ იგი სრულად ეთანხმება ცვლილებებს. მსგავს შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ჯარიმის გადახდის გარეშე”.