ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შემანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის საზღვრიდან.
„ჩვენ წარმოვადგინეთ იდეების მთელი რიგი, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია, განახორციელოს ურთიერთქმედებები, რაც იქნება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას“, – განუცხადა შერანმა ჟენევაში ჟურნალისტებს.
უენდი შერმანის თქმით, მან რუსულ მხარეს სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა. ამასთან, მან გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანების საკითხზე.
„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც არის ცენტრალური ალიანსისთვის. ჩვენ არ ვიტყვით უარს ორმხრივ თანამშრომლობაზე სუვერენუl ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ აშშ-სთან მუშაობა. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე ან ნატო-ზე ნატო-ს გარეშე. როგორც განვუცხადეთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს – „არაფერი თქვენს შესახებ თქვენ გარეშე“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.ფ