ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე. აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაში, 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იქნება 50 წელს ზემოთ და აიცრება, მიიღებს 200-ლარიან წახალისებას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.