14 მაისი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეა. ამიტომ საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში დღევანდელ დღეს საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.
თამარობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენიდან – 1917 წლიდან მოყოლებული აღნიშნავს. ხალხმა დიდი ხანია ამ დღესასწაულს “თამარობა” უწოდა და ამ დღეს თამარის მოსახელე ყველა ქალბატონს ულოცავენ. ეს არის ქალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი საქართველოში.
“თამარობის” დღესასწაული ტრადიციულად, ყოველწლიურად აღინიშნება სამხრეთ საქართველოში, ახალციხეში. სწორედ აქ დგას, წმინდანად შერაცხული საქართველოს ერთადერთ ქალი მეფის, თამარის ერთადერთი ძეგლი მთელს საქართველოში. გარდა ამისა, ახალციხიდან, არც თუ ისე შორს არის ვარძიის გამოქვაბულის მონასტერი, რომელიც თამარის მეფობის დროს აღორძინდა.
მიუხედავად იმისა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გაუქმდა, თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს ეკლესიებში ტრადიციულად მაინც აღინიშნა. ტრადიციისამებრ, 14 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსახურებას თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელმძღვანელობს, სადაც თამარ მეფემ, თავის მეორე ქმარზე, ოს თავადზე, დავით სოსლანზე იქორწინა. იმ ბედნიერ ქორწინებაში ორი შვილი შეეძინა – ლაშა -გიორგი და რუსუდანი.
თამარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-სთან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირებამ იჩინა თავი. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ, თვითონაც მოუხდა დათმობებზე წასვლა.
1185 წელს, მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას ლაშა – გიორგი უწოდეს. ერთი წლის შემდეგ, თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.
თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები, რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა.
დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.
ახალციხეში ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.