ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საჭიროა „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება, რაც რიგ შემთხვევაში ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს.
„ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად ყველა ჩვენგანისთვის, ლიდერებისა და ინდივიდუალური პირებისთვის, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას… უკეთესია, გავაუქმოთ ახლა და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი დომინანტურად გამოცხადდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, 18 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73 პროცენტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება.
ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყნების ნაწილმა სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ. ნიდერლანდებში კი საშობაო პერიოდში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა. საახალწლო ღონისძიება გაუქმდა ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე.