ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში იმართება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ხუთი სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებენ. 12 წლის წინ დაწყებულ ინიციატივაში ექვსი სახელმწიფო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ჩაერთნენ. გასულ წელს ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე უარი თქვა. სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალებზე ითქვა, რომ ბელარუსი ხალხისთვის განკუთვნილი მეექვსე სკამი სიმბოლურად ცარიელი იქნება. სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თავმჯდომარეობით გაიმართება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ევროსტრუქტურებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები წარმოადგენენ, სამიტის დასასრულს სწორედ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასასრულს, მხარეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ. პარტნიორ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი, ასოცირებულ ტრიოს, რომელიც სამმა ასოცირებულმა სახელმწიფომ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დააფუძნეს, იმედი აქვთ, რომ მათ მისწრაფებებს პოლიტიკური კომუნიკე ადეკვატურად უპასუხებს.
„სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს და გააძლიერებს ერთობლივ მისწრაფებას სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის, საჭირო რეფორმების გატარების, სამომავლო, საერთო პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი, მთავარი გამოწვევების დასაძლევად რესურსების მობილიზების კუთხით. საერთო ღირებულებები და ფუნდამენტური პრინციები რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ძირითად საფუძვლად და მომავლის დღის წესრიგის ყველა საკითხის მთავარ ელემენტად“, – ვკითხულობთ სამიტთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. განცხადების მიხედვით, „ლიდერების გზავნილი იქნება ნდობა და საერთო პასუხისმგებლობა, საერთო ვალდებულებების ჩათვლით, სამომავლო თანამშრომლობის მხრივ პრიორიტეტების ინიცირება და გამოყოფილი საჭიროებების განსაზღვრა“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ფიზიკურად 2017 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ვირტუალურად 2019 წელს შეიკრიბნენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია პოლიტიკური ასოცირების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. სამუშაო დაფუძნებულია პარტნიორების საერთო ღირებულებებზე, რაც გულისხმობს დემოკრატიის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემის უზრუნველყოფას. სამიტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის ხუთ გრძელვადიან მიზანს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღდგენას, მოქნილობასა და რეფორმებს, როგორც მომავალი დღის წესრიგის მშენებლობის მთავარ კომპონენტებს. გრძელვადიანი ამოცანებია: მდგრადი, მოქნილი და ინტეგრირებული ეკონომიკა; ანგარიშვალდებული ინსტიტუტების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება; მოქნილი გარემოსა და კლიმატის განვითარება; მოქნილი ციფრული ტრანსფორმაციის მიწოდება; მოქნილი, გენდერულად თანასწორი, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნა.