ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მშენებლები სამუშაოს დასრულებას სექტემბრის ბოლომდე აპირებენ. გაკვეთილები სოფლის სპორტულ დარბაზსა და სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში ტარდება.
სამუშაოების ხელმძღვანელის ნუგზარ გვარამაძის თქმით, ყოველივე 15 ოქტომბერს უნდა დაესრულებინათ, თუმცა ეზოს მოასფალტებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. დაგეგმილი იყო ასფალტის დაგება, მაგრამ ბეტონის საფარის გაკეთება გვიან გადაწყდა.
ამ დროისთვის ეზოში ბეტონს ასხამენ.
“ბეტონს ვასხამთ, შენობაში ყველაფერი დასრულებულია. მთელი კვირა წყალმომარაგების სისტემის დამონტაჟებით ვიტანჯებოდით, ახლაც შეკეთებას საჭიროებს. წყალს წნევა არ ჰყოფნის, თუმცა სხვა ყველაფერი მზადაა“, – განაცხადა ნუგზარ გვარამაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები პროექტის მიხედვით ჩაატარეს, ეზოში 2200 კვ/მ ბეტონი ჩაასხეს და მუშაობა თითქმის დაასრულეს.
სოფელ დილისკას N1 სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხარჯზე რემონტდება. 2 013 120 ლარის ოდენობის სარემონტო ტენდერი „ამხანაგობა არფი ჯგუფმა“ მოიგო.
სკოლის დირექტორის, რიმა მკოიანის თქმით, ამჟამად მოსწავლეები გაკვეთილებს სოფლის სპორტულ დარბაზსა და სოფლის გამგეობის შენობაში ესწრებიან. სკოლაში 220 მოსწავლე სწავლობს.
”წყალი პრობლემაა, რადგან წნევა არ ჰყოფნის. ახალი ხაზის გაყვანა სურდათ, მაგრამ ისევ ძველი ხაზი ჩართეს, წყალი ტუალეტებში არ მიედინება. ალბათ ტუმბოს დავაყენებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი, წყალი რამდენად მისწვდება“, – განმარტავს რიმა მკოიანმა.
ახალი წყალმომარაგების ხაზის სიგრძე 500-600 მ-ია.
დირექტორის განცხადებით, გარემონტებულ სკოლაში გაკვეთილები 1 ნოემბერს განახლდება.
დილისკის სკოლის რემონტის დასრუელბას სექტემბრის ბოლოს პირდებიან
დილისკაში ახალი შენობა შენდება