სომხეთის ეკონომიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას რუსეთო უახლოეს მომავალში აპირებს. ამის შესახებ ერევანში გამართული სომხურ-რუსული ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ბრიფინგზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის აღდგენა კარგი ტემპით მიმდინარეობს – 17%. ეს იმ ფონზე ხდება, რომ პანდემიის გამო 4%-იანი ვარდნა გვქონდა. ჩვენი თანამშრომლობა ინვესტიციების მიმართულებითაც ვითარდება. რუსეთმა სომხეთში $2,2 მლრდ ინვესტიცია განახორციელა. ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს პროგრამები, რომელთა ღირებულება $1 მლრდ-ს შეადგენს, რომლის ინვესტირებაც უახლოეს მომავალში განხორციელდება“, – განაცხადა ვოლვაჩმა.
მისივე თქმით, ინვესტიციები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მიმართულებებით განხორციელდება.
ვოლვაჩი მიიჩნევს, რომ ინვესტიციები სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.