კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის თებერვლიდან საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხის განხილვა დაიწყეს. მარტიდან კი სხვადასხვა უნივერსიტეტები განსხვავებულ დროს გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. “1 + 4” პროგრამის ფარგლებში ქართული ენის შემსწავლელი მოსამზადებელი კურსის სტუდენტებიც ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
JNEWS-ის სტატიაც, “ ქართული ენა ონლაინ – რა ისწავლეს სტუდენტებმა პანდემიის დროს” ამ თემას შეეხო: რამდენად კარგად შეძლეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ქართული ენის შესწავლა დისტანციური სწავლების პირობებში.
“1 + 4” პროექტის სტუდენტებმა JNEWS-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ონლაინ მოსამზადებელი კურსის გავლისას მათ მხოლოდ დრო დაკარგეს და პირველი კურსისთვის ჯერაც არ არიან მზად. მოსწავლეების განმარტებით, უმეტეს შემთხვევაშო ისინი კომპიუტერს საჩვენებლად რთავდნენ და გაკვეთილში არ მონაწილეობდნენ.
JNEWS-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი განცხადება წარუდგინა, რათა გაერკვია, ჩატარდა თუ არა ონლაინ განათლების გავლენასა და არაქართულენოვანი სტუდენტების განათლების ხარისხის შესახებ კვლევა.
სამინისტრომ განაცხადა: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2020 წლის ბოლოს, უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან დისტანციური/ელექტრონული სწავლების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის სასწავლო გეგმის მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების სპეციფიკაზე, რომლებიც დაგეგმვას, ორგანიზირებასა და მართვას მოითხოვს.
მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე დისტანციური სწავლების პროცესში, კერძოდ, ქართულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობაზე არანაირი პრობლემა არ გამოვლენილა. უნივერსიტეტები აღნიშნავენ, რომ ონლაინ-კონსულტაციები ტექნიკურ და მოსამზადებელ პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩატარდა”.
სამინისტროს წარმომადგენლებმა აღინიშნეს, რომ წლის ბოლოს, ონლაინ განათლების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, უნივერსიტეტებიდან ინფორმაციას კვლავ მოითხოვენ.