წლეულს, ორი გოგონა, 16 და 17 წლისები, აშშ – ში ახალქალაქიდან FLEX პროგრამის ფარგლებში მიდიან. მარიამ აღასარიანი და ერანუი იანდიანი. ამ დროისთვის, ორივე გოგონა, პროგრამის ახალი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, სახლშია იზოლირებული, რაც 18 აგვისტომდე, აშშ-ში გამგზავრებამდე გაგრძელდება.
ქართველი სტუდენტების შარშანდელი ნაკადი, მათ შორის ჯავახეთიდან 4 სტუდენტი, რომლებიც შეერთებულ შტატებში სასწავლებლად FLEX პროგრამით გაემგზავრნენ, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროზე ადრე დაბრუნდნენ სახლში.
პროგრამა არ შეჩერებულა, ის მხოლოდ გარკვეული ცვლილებებით გრძელდება. მაგალითად, ერთ-ერთი პირობა იყო, რომ მონაწილეები დარჩნენ თვითიზოლაციაში სახლში, ისე რომ არავისთან ჰქონდეთ კონტაქტი, რათა კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირებულიყო. ასევე სიახლე იყო, ის, რომ მოსწავლეების ვაქცინაციაზე მშობლებისგან აიღეს ნებართვა. მარია აღასარიანი და ერანუი იანდიანი თანხმდებიან ვაქცინაციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ გზით პანდემიის დასაძლევად ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდება.
მარია აღასარიანი არის ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის. რამდენიმე წლის წინ შეიტყო პროგრამის შესახებ სხვებისგან. მოტივირებული იყო იმით, თუ როგორ შეიცვალნენ პროგრამის ბენეფიციარები.
“ისინი ბრუნდებიან სრულიად განსხვავებულ ადამიანებად, შეიძლება ითქვას, განსხვავებული მენტალიტეტით, განსხვავებული მსოფლმხედველობით და ამან მომცა ამ პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია. სხვათა შორის, პირველივე ცდაზე ჩავაბარე, მანამდე არ გამომიყენებია. თვეზე მეტ ხანს გვასწავლიდნენ PDO -ს (Pre departure orientation) გამგზავრებამდე ორიენტაციას. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გვასწავლეს ყველაფერი, რასაც ამერიკაში შევხვდებით. ღირებულებების, ადამიანების, მენტალიტეტის, მთლიანად შეერთებული შტატების შესახებ. ფრენა 18 აგვისტოს იქნება”, – ამბობს ის.
მარია თავს ძალიან დამოუკიდებლად თვლის და არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მშობლებისგან და სახლიდან შორს ცხოვრება მოუწევს მთელი წელი.
“სინამდვილეში, ძალიან მიხარია, ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ეს არის ენით აღუწერელი ემოციები. არ მაშინებს მშობლების გარეშე სხვა ქვეყანაში წასვლა, რადგან, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვიცი ჩემი ხასიათი, ვიცი მე, როგორი ადამიანი ვარ და ჩემი მშობლებიც დარწმუნებულები არიან ჩემში. ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება,” – ამბობს ის.
მარია უკვე შეხვდა ოჯახს, რომელთანაც მთელი წლის განმავლობაში იცხოვრებს.
“პირველ რიგში, მინდა პროგრამის მიზანი შევასრულო. მინდა ბევრი ვთქვა ჩემს ქვეყანაზე. რადგან ბევრმა არ იცის საქართველოს არსებობის შესახებ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს აშშ-ს შტატია – ჯორჯია. ჩემი კიდევ ერთი ოცნება არის ნიუ -იორკის ნახვა, ვნახო ყველაფერი ახალი, ძალიან მინდა მოხალისე ვიყო, ვცადო ჩემი შესაძლებლობები სპორტის ახალ სახეობაში, ვნახო ბევრი ქალაქი. ვიცხოვრებ მისურიში, კანზას სიტიდან არც ისე შორს – მერივილი კანზასიდან დაახლოებით 30-40 წუთის მანძილზე. უკვე ვიცნობ ჩემს მასპინძელ ოჯახს, უკვე გვქონდა ვიდეო ზარი. მყავს მასპინძელი დედა და მამა და ორი ძმა, უმცროსი 8 წლისაა, უფროსი 20 -ის”.
მარიამ შერჩევის 3 ეტაპი გაიარა.
“რუსული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ სასაუბრო დონეზე, რათა თავისუფლად იურთიერთო სხვებთან. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიურ საკითხს, ფსიქოლოგიურ დონეზე, ანუ შევძლებთ თუ არა, ამერიკაში თუ წავალთ, ერთი წლით დარჩენას… ცხოვრებისეულ საკითხებს უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე ინგლისურის ცოდნას”, – ამბობს ის Jnews-თან საუბრისას.
მარია თავს საკმაოდ აქტიურ ადამიანად მიიჩნევს. პროვინციული ქალაქის პირობებში, ყველაფერს აკეთებს რაც მოსწონს. ის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ლაურეატია.
“მუსიკით ვარ გატაცებული 6 წლის განმავლობაში, მუსიკის სკოლაში დავდიოდი, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში ვმონაწილეობდი. შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკა ჩემი ჰობია. ძალიან მიყვარს პიანინოზე დაკვრა. გარდა ამისა, მიყვარს ხატვა, ქართული ცეკვის წრეზე და ცურვაზე დავდიოდი. მიმაჩნია, რომ სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც შეეხება ყველა იმ აქტიობებს, რითაც დაკავებული ვარ, იქაც შემიძლია ამის გაკეთება, თუმცა, უფრო მეტად მინდა რაიმე ახალს დავუთმო დრო”, – ამბობს ის.
იმის შესახებ, თუ რა ელის მას შორეულ ამერიკაში, მარია ხოლოდ ფანტაზიორობს. მაგრამ ფიქრობს, რომ პირველ რიგში ადაპტირდეს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის ყველაფერი ახალი და საინტერესო იქნება, მეც შევეცდები ახალ ცხოვრებას შევეგუო. ერთმნიშვნელოვნად განსხვავდება მათი მენტალიტეტი, მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. რა თქმა უნდა ჩემიანები მომენატრებიან. ამასთანავე ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის კეთდება. ეს გამგზავრება ძალიან დიდ გამოცდილებას და ახალ შესაძლებლობებს მომცემს. მოსწავლეების მხოლოდ 4% გადის შესარჩევ ეტაპში, რამდენადაც ვიცი ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი დაახლოებით 200-მა მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა შესარჩევი კონკურსი 75-80-მა მოსწავლემ გაიარა. ესეც სტიმულს იძლევა, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ იღბლიანებს შორის ვარ”, – ამბობს ის.
ერანუი იანდიანი, 17 წლის არის. ის ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს. ერანუისთვის ეს საზღვარგარეთ წასვლის პირველი გამოცდილებაა.
“ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველას ხომ არ ეძლევა ასეთი შანსი – მთელი ერთი წელი გაატაროს ამერიკაში. ვფიქრობ პირველი შთაბეჭდილება იქნება “ოჰ, ღმერთო, ამერიკაში ვარ”. არ ვიცი, რას უნდა ველოდე, მაგრამ ვფიქრობ, თავიდან ძნელი იქნება ადაპტაცია. თუმცა მგონია, ყველაფერს თავს გავართმევ. ერთადერთი ძნელი იქნება გარკვევა ფუნტებსა და მილებში და სხვა. დიდი ალბათობით, თავიდან ვიქნები ძალიან აღელვებული, ყველაფერს გავსინჯავ, ბევრ კითხვას დავსვამ. შემდეგ, დიდი ალბათობით, მივეჩვევი და უბრალოდ სიამოვნებას მივიღებ ყველაფრისგან. ძალიან საინტერესო იქნება ინგლისურ ენაზე სწავლა, მთლიანად, ყველა საგნის. არ ვნერვიულობ, რომ ეს ახალი სისტემაა და ახალი მასწავლებლები მეყოლება”, – ამბობს ის.
პროგრამის შესახებ ერანუის ინგლისური ენის მასწავლებელმა უთხრა. პროგრამაში მოხვედრა მეორე ტურში შეძლო.
“პირველად პროგრამაში გასვლა 2 წლის წინ ვცადე. ინგლისური ენის ცოდნას არ ამოწმებენ, მაგრამ პირველ ჯერზე რომ ვცადე, ინგლისური ენის ცოდნა არ მეყო, თუმცა მეორე მცდელობაზე, როცა კონკურსში ვმონაწილეობდი დარწმუნებული ვიყავი, რომ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექნებოდა. ინგლისურს რეპეტიტორთან ვსწავლობდი. ინტერვიუს დროს მეკითხებოდნენ, რა მიზნები მაქვს, რატომ მინდა აშშ-ში წასვლა. რატომ უნდა ამირჩიონ მაინცა და მაინც მე”, – ყვება ის.
როგორც ახალქალაქელი სხვა მონაწილეები, რომლებიც პროგრამა FLEX-ით სწავლობენ, ერანუი ძალიან პოზიტიურად და პრინციპულად არის განწყობილი.
“ერთი წლით უცხო ქვეყანაში დარჩენის, თან მარტო, არ მეშინია. ვფიქრობ საინტერესო იქნება, ბევრ რამეს გავსინჯავ. უფრო დამოუკიდებელი გავხდები. შევიძენ გამოცდილებას. ვფიქრობ ჩემთვის ახალი ცხოვრება იქნება აშშ-ში, ახალ გარემოში, ახალ სკოლაში. რა თქმა უნდა მომენატრებიან ჩემი მშობლები, მაგრამ ადრე თუ გვიან მომიწევდა სასწავლებლად წასვლა, ასევე, ეს ერთი წელი ძალიან ბევრს მომცემს. საინტერესო იქნება მათი კულტურის შესწავლა, რა თქმა უნდა არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინგლისურ ენას შევისწავლი”.
პირველი ასოციაცია, რაც ერანუის გაუჩნდა ამერიკაზე საუბრისას – არის “ჰოდდოგი“, ამბობს ამას და ეცინება.
მარიას მსგავსად, ერანუი იცნობს თავის მიმღებ ოჯახს, სად გაატარებს მომდევნო სასწავლო წელს.
“ვაშინგტონის შტატში ვიცხოვრებ, ქალაქს კენევიკი ჰქვია. უკვე რამდენჯერმე ვესაუბრე მიმღებ ოჯახს. ძალიან კარგი ადამიანები არიან. მათ 4 შვილი ჰყავთ. მხოლოდ უფროსი ქალიშვილი ცხოვრობს ცალკე. ჩემს მშობლებს რაც შეეხება, დედაჩემი ცოტა ღელავს იმის გამო, რომ სახლიდან შორს უნდა ვიცხოვრო, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი მშობლები მოხარულნი არიან და მხარს მიჭერენ”.
ის უკვე ინტერესდება ადგილებით, სად დასახლებასაც აპირებს.ოცნებობს ნიუ-იორკში ცხოვრებაზე. .
“რამდენადაც ვიცი, პროგრამა ითვალისწინებს მოგზაურობას. ძალიან მინდა, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა. საინტერესო ადგილებს ვათვალიერებ ვაშინგტონში. ძალიან მინდა სიეტლში ჩასვლა. მაგრამ ნიუ-იორკს ვამჯობინებ. მინდა ჩავიდე ის, მაგრამ არა საცხოვრებლად. ცხოვრება საქართველოში მინდა”, – ამბობს ის.
ერანუი მშვიდი, განსჯის უნარის მქონეა, მისი ინტერესის სფეროში კითხვა და ბევრი სხვა.
“მიყვარს კულტურა და იმავდროულად ხელოვნებაზე კითხვა. ჩემი უსაყვარლესი ავტორია რუსი მწერალი, ალექსეი პესხოვი, რომელიც ფანტასტიკის ჟანრში წერს. მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა. ვხატავ. სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. ასევე რობოტექნიკა მაინტერესებდა – АрМат-ში ვსწავლობდი. ვფიქრობ კომპიუტერული ინჟინერია შევისწავლო. ამ სფეროთი ვინტერესდები. მომწონს ხელოვნება, მაგრამ ეს ჰობია. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. თავისუფალ დროს სხვადასხვაგვარად ვატარებ. ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ზოგჯერ ვსეირნობ მეგობრებთან. ახალქალაქში მოწყენილი იქნება თუ არა, ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს აინტერესებს, მისთვის აქ მოწყენილობა არ იქნება”.
ახალქალაქელ მოსწავლეებს, რომლებმაც პროგრამა FLEX-სთვის შეირჩნენ, მათ ცხოვრებაში ცვლილებებზე, შორეულ ამერიკულ ცხოვრებაზე წარმოდგენა ჰოლივუდის ფილებიდან აქვთ. რეალობა კი სრულებით სხვაგვარია ხოლმე.
ერთი წლის შემდეგ გარკვეული იდეებით და აზრებით დაბრუნდებიან, აიხდენენ თავიანთ “ამერიკულ ოცნებას”. ისინი საკუთარ თავში და ძალებში უფრო თავდაჯერებულები იქნებიან, რაც ოცნებების ასრულებასა და შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებათ.