საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასების მომატებით გაეზრდებათ მოტივაცია.
„ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს, პრაქტიკულად გავაორმაგოთ. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს ქუთაისს, ბათუმს, წარმოუდგენელია და ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.