ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანში სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიის რეკონსტრუქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეკლესიის რესტავრაცია ქველმოქმედი რუბენ ბანდიკიანის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
რუბენ ბანდიკიანს მიზანი მშობლიურ სოფელში ეკლესიის აღდგენა იყო. 2021 წელს კი მოახერხა შესაბამისი ნებართვის აღება და ეკლესიაში სარემონტო სამუშაოების დაწყება.
”ჩემი შვილი, როდესაც 13-14 წლის იყო, ყველას ეუბნებოდა, რომ თუ მამაჩემის საქმეები კარგად წარიმართა, ჩვენს სოფელში ეკლესიას აღვადგენთო. მაშინ ის ძალიან პატარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასის დამთავრებისთანავე მოსკოვში გაემგზავრა, მისი სოფელთან კავშირი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ერთხელ მითხრა: ”მამა, სოფელში ვიყავი, ეკლესიასთან ახლოს ვსეირნობდი (და იმ დროს ჩემი საქმეები უკვე კარგად მიდიოდა), მოდი შევაკეთოთ სოფლის ეკლესია”. ვუპასუხე – “მოდი გავარემონტოთ, დავით ჯან” . შემდეგ ჩვენ დავისახეთ მიზანი – ეკლესიის აღდგენა”, – ამბობს ქველმოქმედი.
გომანის მოსახლეობის ოცნების ამსრულებელი ძალიან ბედნიერია, რომ საბოლოოდ ნანატრი ნებართვა მიიღო.
თავიდან განზრახული ჰქონდათ სოფლის ძველი სკოლის გვერდით, ძველი ეკლესიის განახლება, მაგრამ ეკლესიის გარემონტებასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოიშვა. შემდეგ ძველი სკოლის ტერიტორიის ყიდვა და ახალი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს, მაგრამ სახელმწიფომ ტერიტორია არ მიჰყიდა. საბოლოოდ, სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესია აღადგინეს.
ეკლესიის რეკონსტრუქცია ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ რიგში ეკლესიის ფუნდამენტი გამყარდება, შემდეგ კედლების მშენებლობის სამუშაოები ჩატარდება, ბოლოს კი სახურავის. რეკონსტრუქციის შემდეგ, ეკლესიას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
მოსახლეობის თქმით, გომანის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხური ეკლესია 1800-იანი წლების ბოლოს აშენდა და კაპიტალური რემონტი არასოდეს ჩატარებულა. წლების განმავლობაში უყურადღებობის გამო შენობამ ნგრევა დაიწყო.
გომანის მოსახლეობის დიდი ხნის ოცნება, როგორც ჩანს, ნელნელა რეალობად იქცევა.