საქართველო-სომხეთის საზღვარზე, მდინარე დებეთზე “მეგობრობის ხიდის” მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის ვადები ორჯერ შეიცვალა. 2019 წლის შემოდგომაზე ტექნიკური მიზეზის გამო სამუშაოების დაწყება გადაიდო, მოგვიანებით კი ხელი კორონავირუსის პანდემიამ და სომხეთში საომარმა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მშენებლობისთვის საქართველოს 6 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. სესხის ნახევარს ერევანი გადაიხდის, მეორე ნახევარს – თბილისი.
10 ივლისს “სადახლო-ბაგრატაშენის” გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, კავკასიაში EBRD-ს რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს.
”ფართომასშტაბიანი პროექტი ყოველთვის სირთულეებით სავსეა და ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ბოლოდროინდელი პრობლემების გათვალისწინებით, სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი კიდევ უფრო დასაფასებელია, რისთვისაც მადლობას ვუხდი. პოსტპანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტაბილურობაა. სამუშაოები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მიმდინარეობს, ვცდილობთ უზრუნველვყოთ საგზაო სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვა”, – განაცხადა ქარსელაძემ.
ჰანსენის თქმით, “მეგობრობის ხიდის” პროექტის ეკონომიკური სარგებელი დიდია, რადგან კარგად ფუნქციონირებული სასაზღვრო პუნქტი ხელს შეუწყობს ტურიზმსა და ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
”რა თქმა უნდა, მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩარჩოებში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის განვითარებას”, – განმარტავს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი.
როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, ახალი ხიდი მგზავრობის დროს შეამცირებს და საგზაო უსაფრთხოების ხარისხს გააუმჯობესებს, როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ასევე სატრანზიტო ავტომობილებისთვის.
“მეგობრობის ხიდი” ორი ცალკეული ხიდისგან შედგება. თითოეულის სიგანე 11,85 მეტრია. მათ შორის მანძლი 1 მეტრი იქნება. ხიდების საერთო სიგანე 24,7 მეტრს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 5 ბალიანი რკინაბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, რომლის სიგრძე 32 მეტრი იქნება ხიდისკენ მიმავალი გზების ჩათვლით. თავად ხიდს გარე განათება და სადრენაჟე სისტემა ექნება.
არსებული ხიდი, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა სასაზღვრო პუნქტთან, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გამყარდება და ალტერნატიული გზის მნიშვნელობით იყენებენ – საცობების შემთხვევაში უწყვეტი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.