ამ დროისთვის დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვინც დღეს ეროვნულ გამოცდებზე არ გამოცხადდა კოვიდინფექციის გამო, ჩვენ გვაქვს საშუალება, მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო პროცესს დედაქალაქში, 175-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.
„ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა რეგისტრაცია და დაიწყო საგამოცდო პროცესი ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ცენტრში, თბილისში, მუხიანში მდებარე, 175-ე საჯარო სკოლაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, დაგვიანების შემთხვევა არ გვქონია. სხვა ცენტრებიდან ვაგროვებთ სტატისტიკას და მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. დღეს გვაქვს მეორე სესიაც, რომლისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე იწყება და აბიტურიენტებს ვთხოვ, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. ამ ცენტრში, როგორც ვიცი, სიმპტომიანი აბიტურიენტი არ ყოფილა. რაც შეეხება, ინფიცირებულების სტატისტიკას, ამ დროისთვის დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვინც დღეს არ გამოცხადდა კოვიდინფექციის გამო და ჩვენ გვაქვს საშუალება, მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია. ამიტომ, ინფიცირების გამო ისინი არ გამოეთიშებიან წელს საგამოცდო პროცესს. იქნება ერთი სესია, სადაც ჩვენ ამ აბიტურიენტს, რომელიც კონკრეტული საგნის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, მოვიწვევთ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.