საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. პირს დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან, გასაჩივრება აღნიშნულ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. შესაბამისად, პირი უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრების უფლება არ ეზღუდება. მთავრობის დადგენილების ზემოაღნიშნული ჩანაწერი პირს არ ართმევს გასაჩივრების უფლებას, არამედ მხოლოდ, უხანგრძლივებს გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადებს. შესაბამისად, პირს შეუძლია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში“, – განაცხადეს შსს-ში.