სომხეთში წინასაარჩევნო ვითარების, ფართო არჩევანის, მონაწილეთა მხრიდან დარღვევებისა და დაპირებების შესახებ Jnews-ს სომხეთისა და ბრიტანეთის ცნობილი ჟურნალისტი, მარკ გრიგორიანი ესაუბრა.
26 პოლიტიკური ძალა, 22 პარტია, 4 ბლოკი მონაწილეობს სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. რას გვეუბნება წინასწარი გამოკითხვები, ვინ შევა პარლამენტში და ვისი იქნება უმრავლესობა?
– როგორც ჩვეულებრივ ხდება სომხეთში, სოციოლოგიურ გამოკითხვებს ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი აქვს. მათ ძალიან ნაკლებად ენდობიან, რადგან, როგორც წესი, ასეთი გამოკითხვების უკან, რომელიმე პოლიტიკური ძალა, დაინტერესებული ძალები დგანან. თუ ამ გამოკითხვებს დავუჯერებთ, აღმოჩნდება, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტია და რობერტ კოჩარიანის ბლოკი აგროვებენ, ან მოაგროვებდნენ იმავე რაოდენობის ხმებს, თუ არჩევნები დღეს იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გამარჯვებული იქნება ის, ვინც უკეთ შეძლებს მოლაპარაკებას პარლამენტში შესულ სხვა პარტიებთან.
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, აღინიშნება თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა ან სხვა წინასაარჩევნო დარღვევები ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით?
– არჩევნების მონაწილეთა და დამკვირვებელთა უმეტესობა ამბობს, რომ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. ბევრი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა დარღვევებს, იყო შემთხვევები, როცა საარჩევნო კომისიის ცენტრმა შენიშვნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რობერტ ქოჩარიანის წიგნის რეკლამა, სავარაუდოდ, საარჩევნო პირობების დარღვევაა, აგიტაციაა. ეს გადაწყვეტილება რობერტ კოჩარიანმა გაასაჩივრა, და მე ვიცი, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, რა მოხდა სასამართლოში, არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ მოლოდინები ყველასგან ყველაზე ნეგატიური იყო. ხალხი ელოდა, რომ ამ არჩევნებზე მძიმე დარღვევები მოხდებოდა. ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ მძიმე დარღვევებია. მაგრამ, მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უპრეცედენტოა, თუნდაც სომხეთისთვის, სხვადასხვა მხრიდან პირადი შეურაცხყოფის და თავდასხმების დონით.
როგორ აშუქებს მედია წინასაარჩევნო პერიოდს?
– მასმედია ზედმეტად პოლიტიზირებულია. ჩვეულებრივ ადამიანები ირჩევენ იმ მედიას, ძირითადად ტელევიზიას, ტელეარხებს, რომლებიც მოსწონთ. რაც შეეხება სატელევიზიო არხების სიმპათიებს, სრულად ნათელია, რომ ისინი დაყოფილია და დაყოფა, მე ვიტყოდი, ხდება ნიკოლ ფაშინიანის მხარეს, ან წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არის ტელეარხი, რომელიც ღიად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხარს უჭერს რობერტ ქოჩარიანს. არსებობს მედია საშუალებები, რომლებიც მხარს უჭერენ ნიკოლ ფაშინიანს. ჩემთვის ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება ღიად. ანუ სანამ, რომელიმე სატელევიზიო არხს ჩავრთავ, უკვე ვიცი ვის მხარეს იქნება ეს ტელეარხი, ან ვისზე მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მსვლელობის დროს, რადგან ის საშუალებას იძლევა გარკვეული კორექტივების შეტანაში. ზოგადად მედიის მიმართ უნდობლობა არსებობს, მაგრამ ეს არ არის ძალიან გამოხატული. პირველ რიგში, რადგან მოლოდინები დაბალია. რაც შეეხება ქსელებს, ისინი, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა, წინასწარ ცნობილია, რომელი Facebook-გვერდი ვის უჭერს მხარს, წინასწარ ცნობილია ტელეარხი ვის უჭერს მხარს და თვითონ ხალხი ირჩევს იმ facebook-გვერდებს, იმ ტელეარხებს, იმ Youtube-არხებს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მათ შეხედულებებს.
პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის არის რაიმე ახალი? რამდენად მრავალფეროვანია მომავალი არჩევნები?
– 22 პარტია მონაწილეობს, ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად სანდოა. მეტად თუ ნაკლებად – ეს უკვე ამომრჩევლის არჩევანია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შორის არიან მეტ-ნაკლებად გამოცდილები, მეტნაკლებად ცნობილები. არიან ისეთი გულუბრყვილოებიც, ახალი – “მოძრაობა 5165” – ეს არის არარატის სიმაღლე ზღვის დონიდან. ისინი სრულიად გულუბრყვილოები, ახლები არიან, პირველად მონაწილეობენ საერთოდ პოლიტიკურ მოძრაობაში. სხვები უფრო დახვეწილები არიან, დიახ, რა თქმა უნდა, მაგალითად სომხეთის ეროვნული კონგრესის მსგავსად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა არჩევნებში. ზოგადად, ისინი ყველა ნდობის ღირსია, ყველა მიიღებს გარკვეულ ხმას, როგორც წესი, ბევრს არა, მაგრამ ახლა ეს სულ სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ბევრია, ვისი რეპუტაციაც არ არის საუკეთესო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვაზე ნაკლებ ხმას მიიღებენ.
რა წინასაარჩევნო დაპირებებს იძლევიან პარტიები, რა საკითხებს აყენებენ წინა პლანზე?
– ძალიან ძნელი სათქმელია. ბუნებრივია, ისინი საუბრობენ სოციალურ თემებზე. ბუნებრივია, ისინი საუბრობენ შიდა პოლიტიკურ თემებზე. ამაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე ყარაბაღზე. როგორც ჩანს, ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ, ეს უნდა ყოფილიყო საარჩევნო კამპანიის, საარჩევნო დავების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის ნაწილი, მაგრამ არა ყველაზე დიდი, არა ყველაზე სერიოზული.
არის თუ არა მთიანი ყარაბაღის ომი და მისი შედეგი მანიპულაციის თემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს?
– ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ არის. კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ შემიძლია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, მანიპულაცია არის და არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ მანიპულაციები ყველა მხრიდან ხდება.
მხარეები ამომრჩეველს სთავაზობენ, რაიმე გადაწყვეტილებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით?
– ასეა თუ ისე, ყველა ამბობს, რომ წერტილი არ არის დასმული. ყველა საუბრობს იმაზე, თუ რისი შეცვლა, გამოსწორება და გაკეთება შეიძლება. მაგრამ ისე, რომ, რაღაც კონკრეტული დასახელდეს… წინასაარჩევნო აგიტაციაში “როგორ?” კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პასუხი კითხვაზე “რა?”, მაგრამ არა “როგორ?”. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ განსხვავებული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება. მაგრამ სხვა საკითხია, რომ ეს იდეები ყოველთვის რეალიზებადი არ არის, რადგან კონფლიქტს აქვს ორი მხარე. ერთ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, მაგრამ გამოსავალი მაშინ მოდის, როცა ორივე მხარე ამოქმედდება.
არის თუ არა სხვა ქვეყნების რაიმე გავლენა სომხეთის საარჩევნო პროცესზე, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა რუსეთი, აშშ …?
– შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ აზერბაიჯანს და თურქეთს გაცილებით მეტი სურვილი აქვთ დღეს გავლენა მოახდინონ სომხეთში არჩევნების შედეგებზე, ვიდრე რუსეთს. ეს ილჰამ ალიევის სხვადასხვა გამოსვლაში გამოიხატება. მაგრამ ეს გასაგებია, ბოლო, რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ ნამდვილად არ აინტერესებს ვისთან იმუშავებს. მის მეზობლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თავიანთი შიდა ამოცანები, ხოლო რუსეთი იმუშავებს მეზობლებთან. აზერბაიჯანისთვის სავსებით გასაგებია, რომ არსებობს არჩევანი ნიკოლ ფაშინიანს, რომელთანაც უფრო მარტივია მუშაობა და სხვა კანდიდატებს შორის, რომლებთანაც უფრო რთულია ამა თუ იმ გაგებით მუშაობა.
თუმცა, რუსეთი მეტ ინტერესს გამოხატავს რობერტ ქოჩარიანის მიმართ. შესაძლებელია თუ არა ფაშინიანი არ მისდიოს რუსეთის ინტერესებს რეგიონში, ან ქოჩარიანი უფრო მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან?
– ჩავთვალოთ, რომ ორივე ვარიანტი სწორია და ორივე ვარიანტია შესაძლებელი. ეს არის რუსეთის ახალი პოლიტიკა. ჩვენ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ახალ პოლიტიკას. რუსეთი მზად არის ყველასთან იმუშაოს. რუსეთი აღარ ერევა საშინაო საქმეებში. ის ნამდვილად არ ერევა, არც საქართველოს საშინაო საქმეებში.
მარკ გრიგორიანი ჟურნალისტიკაში 1993 წლიდან არის, ერევანში გაზეთ “სვობოდას” რედაქტორის მოადგილეა. 1995-1996 წლებში მუშაობდა AIM- ში (Armenian International Magazine). 2003 წელს მიიღო Hellman/Hammett-ის ჟურნალისტური პრემია, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა “პოლიტიკური დევნის წინაშე გამოჩენილი სიმამაცისთვის”, თანამშრომლობდა ბევრ გამოცემასთან სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ. 16 წიგნის, მრავალი სამეცნიერო და ჟურნალისტური სტატიის ავტორი და რედაქტორია. ერევანში კავკასიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ლონდონში მუშაობდა BBC-ის რუსულ სამსახურში, გადაცემაში “ადრეული საათი”. 2011 წლის 26 მარტამდე, სევა ნოვგოროდცევთან ერთად მიჰყავდა გადასცა “ბიბისევი“. 2014 წელს სომხეთში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა PanArmenian Media Group- ში, მიჰყავდა პროგრამები Armenia TV და ATV. 2017 წელს იყო სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელი დირექტორი.