ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის სკოლების 75% დეზინფიცირებულია, დანარჩენ სკოლებში დეზინფიცირება მიმდინარეობს და დასრულდება ხვალ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში 11 მარტიდან სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსის თერეზა ჩივჩიანის თქმით, სკოლებში დეზინფექციის პროცესი ხვალ დასრულდება.
«ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილი ნაწილი პროცესშია, ყოველ წუთს ვღებულობ ფოტოებს. ხვალ ყველა დაასრულებს. კომპანიები სხვადასხვაა და სამუშაოს ასრულებენ ისე, როგორც არის საჭირო»,- თქვა თერეზა ჩივჩიანმა.
ქალაქის სკოლებში დეზინფიცირება დასრულებულია, დეზინფექციის პროცესშია სოფლის სკოლები. თერეზა ჩივჩიანის თქმით, სკოლებს დეზინფექცია საშუალოდ 150 ლარი დაუჯდათ.
დეზინფექციის შემდეგ, კომპანიები სკოლის თანამშრომლებს ინსტრუქციას აძლევენ, თუ რა უნდა გააკეთონ დეზინფექციის შემდეგ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლაა. სკოლის არდადეგები 1 აპრილამდე გაგრძელდება.