საქართველოს სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი დღეიდან, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. სამინისტროებმა და სხვა, სახელმწიფო უწყებებმა გაითვალისწინეს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციები. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ურჩია, ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადავიდნენ.
შესაბამისად, სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების ნაწილი დროებით გადადის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა მუშაობის სპეციფიკა არ საჭიროებს სამუშაო ადგილას ყოფნას, სამუშაოს სახლიდან შეასრულებენ. ასეთივე რეკომენდაციები მიიღეს კერძო კომპანიებმაც.
“ამან არ უნდა შეაფერხოს უწყებების ეფექტიანი საქმიანობა და არ უნდა აისახოს თანამშრომლების ხელფასზე”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ ეხებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.