დღეს დილით, ადრე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “საზღვრის გარკვევის” მიზნით ერთ-ერთ სასაზღვრო მონაკვეთზე გარკვეული სამუშაოების განხორციელება სცადეს, თუმცა სომხური ქვედანაყოფების მიერ მიღებული ზომების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სამუშაოები შეწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
”პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ”იშხანასარის მიმართულებით ბრძოლების შესახებ” არ შეესაბამება სიმართლეს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში პირველი თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა ზომებს. ჩვენ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი, მითუმეტეს პანიკის გამომწვევი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან”, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
როგორც რადიო აზატუთიუნს ქალაქ გორისის მერის მოადგილემ ირინა იოლიანმა აცნობა, “დღეს დილით მოწინააღმდეგემ სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, 3 კილომეტრით შემოწია და ვერიშენის დასახლებულ პუნქტს მიაღწია”.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 12 მაისს, დილით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სევ ლიჩ ტბის რაიონში საზღვარი გადაკვეთეს, სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრამდე მანძილით შევიდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს ტბაზე კონტროლი განახორციელოს.
ფაშინიანმა მომხდარს, ფაქტობრივად, დივერსია უწოდა.
”არსებული ვითარება მიუღებელია, სომხეთი ვერ შეეგუება შექმნილ სიტუაციას, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიტუაციის მოგვარება მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური გზის ჩათვლით. მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია ”, – თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, უნდა ითქვას, რომ სიტუაცია წინაკრიზისულია, თუ არა კრიზისული. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ქმედებებს იარაღის გამოყენება არ ახლავს. ”ისინი ცდილობდნენ გაამართლონ თავიანთი ქმედებები ყალბი რუკებით. იმავდროულად, სომხურ მხარეს აქვს საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის მიერ დამტკიცებული რუქა, სადაც ნათლად ჩანს, სად გადის საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”,- განაცხადა სომხეთის ლიდერმა.
ფაშინიანის თქმით, სიუნიკში შექმნილი ვითარება შიდაპოლიტიკური სპეკულაციების საგანიც გახდა.
”მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, არ გამოიყენოთ საგარეო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციები საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე“, – აღნიშნა მან.