ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა და კოვიდ-პასპორტი მიიღო.
დღეს, 10 მაისს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძე Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. ის იყო ახალქალაქის პირველი მცხოვრები, რომელმაც ვაქცინაცია ”გადაწყვიტა”.
69 წლის გაიოზ ლომსაძე კარგად არის, ის და მისი ოჯახის წევრები შინ ბრუნდებიან.
ლომსაძეს ზუსტად Pfizer–ზე უნდოდა დარეგისტრირება, მაგრამ ახალქალაქს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ერთადერთი თავისუფალი ადგილი მხოლოდ ქუთაისში იყო, ამიტომ მან ეს კლინიკა აირჩია. ვაქცინის პირველი დოზა 17 აპრილს იმავე კლინიკაში გაიკეთა.
როგორც ლომსაძე ამბობს, თავიდან ნერვიულობდა, ახლა კი მშვიდად არის და ბედნიერია თავისი გადაწყვეტილებით.
მას უთხრეს, რომ 95%-ით ის არ დაინფიცირდება კორონავირუსით და, თუ მოულოდნელად მაინც დაინფიცირდა, ადვილად გადაიტანს დაავადებას.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემოდგომით, გაიოზ ლომსაძემ კორონავირუსი საკმაოდ რთულ ფორმაში გადაიტანა, ის კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდა.