სოფელ კარწახისა და არაგვის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შორის კორონავირუსი გამოვლინდა. ინფიცირებულები იზოლირებულები არიან, ხოლო დაიკეტება თუ არა სკოლები, ხვალ, 28 ოქტომბერს გაირკვევა.
საზოგადოებრივი ჯამმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სკოლები გადავა თუ არა დისტანციურ სწავლებაზე, რადგან განათლების სამინისტრომ შეცვალა მიდგომა მსგავსი სიტუაციების მიმართ. შემთხვევები 26 ოქტომბერს გამოვლინდა. სკოლის დახურვის შესახებ წერილი ხვალ გაიგზავნება. თუ მანამდე, როცა მასწავლებელთა შორის ინფიცირების ერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი სკოლას კეტავდა, ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა შეიცვალა და 1-2 შემთხვევის გამო, შესაძლოა, მთელი სკოლა არ დაიხუროს.
ქალაქში არსებული 5 საჯარო სკოლიდან 2 დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. სოფლების – ვაჩიანის, კოთელიას, ტურცხის, ალასტანის, მერენიასა და ვარევანის სკოლები ონლაინ რეჟიმშია, დანარჩენები სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.