ბოლო დროს სკანდალი მოჰყვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უარს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შეშვებასთან დაკავშირებით. ამ პანსიონატში მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ობლები იზრდებიან. JNEWS–ს ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე.
რატომ დაინტერესდა ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის პანსიონატით? რა წინაპირობა არსებობდა და რასთან იყო დაკავშირებული უარი?
– სახალხო დამცველი პერიოდულად ატარებს მონიტორინგს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, ბუნებრივია, ასეთ პანსიონატებში, როგორიც ნინოწმინდაშია, შედის ჩვენი ჯგუფი, რათა ადგილზე შევამოწმოთ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული მდგომრეობა. ამის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, პანსიონატის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო. ჩვენ გვიპასუხეს, რომ უარი ეფუძნებოდა მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებას. მან გასცა განკარგულება, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე არ შეეშვათ. მოგვიანებით დაადასტურა თავისი ოფიციალური პასუხი იმის შესახებ, რომ ომბუდსმენის აპარატს იქ არ შეუშვებდა. რაც შეეხება პრეისტორიას, როგორც უკვე აღვნიშნე, პერიოდულად ვატარებთ მონიტორინგს სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, ბავშვთა სახლებში, რომლებიც ქართული მართლმადიდებური ეკლესიის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, მსგავსი სიტუაცია იყო ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებითაც. არც შარშან დაგვრთეს ნება ბავშვებს სათითაოდ გავსაუბრებოდით. იყო შემთხვევა, როცა შარშან, შენობაში არ შეგვიშვეს, იგივე განმეორდა წელსაც.
რა მოიმოქმედა ომბუდსმენის აპარატმა მას შემდეგ?
– ოფიციალურად მივმართეთ სახელმწიფო დაწესებულებებს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა იქ მყოფ ბავშვებზე, ანუ სახელმწიფო არის ამ ბავშვების წარმომადგენელი. ის ინფორმირებული უნდა იყოს, რა ხდება იქ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ ამ დაწესებულებასთან დაკავშირებული ხედვა და პროგრამები, ვინაიდან იქ ამჟამად 57 ბავშვი ცხოვრობს. ის, რომ ამ ბავშვების უფლებები შეზღუდულია, ცალსახაა, ვინაიდან საქართველოში აკრძალულია ასეთი დიდი დაწესებულებები, სადაც ამდენი ობოლი ცხოვრობს. მეორეც, ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ, ვინაიდან ეს დაწესებულება ლიცენზირებულია სახელმწიფოს მხრიდან. სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს ამ დაწესებულებაში შესვლის უფლება, გასული წლიდან სოციალურ მუშაკს ამ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ჰქონდა, მიზეზი მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებაა. შესაძლებელი უნდა იყოს ამ ინსტიტუტის მონიტორინგი ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ, დამოუკიდებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
რამდენად აქვთ მათ უფლება აუკრძალონ სახალხო დამცველს პანსიონატში შესვლა?
– ომბუდსმენს, კანონის თანახმად, აპარატისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ბავშვებს და ნახოს ნებისმიერი ასეთი დაწესებულება, მიუხედავად იმისა, ეს დაწესებულებები კერძოა თუ სახელმწიფო. შესაბამისად, მათი უარი განიხილება, როგორც ომბუდსმენის მუშაობის დაბრკოლება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. თუმცა, მანამდე ასეთი მკაცრი უარი არ გვქონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, მისი მონაწილეობა ისე, რომ ბავშვებთან თავისუფლად დაკავშირების შესაძლებლობა იყოს, რომლებიც მისი მზრუნველობის ქვეშ არიან.
ომბუდსმენის აპარატი თავის განცხადებებში აღნიშნავს, რომ ადრე წმინდა ნინოს პანსიონატში ძალადობის შემთხვევები ფიქსირდებოდა, კონკრეტულად რაზეა საუბარი?
– ადრე მონიტორინგის შესაძლებლობა გვქონდა, მათ შორის, იყო ნინოწმინდის პანსიონატიც. 2015 წელს ჩავატარეთ მონიტორინგი. ამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევები დაფიქსირდა, საკვების ჩამორთმევის ჩათვლით და დასჯის ისეთი მეთოდები, როგორიცაა დაჩოქება და ა.შ. როგორც ვნახეთ და დღეს ვიცით, ამ ბავშვებს ნაკლებად აქვთ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია და ცუდად არიან ინტეგრირებულნი. ის ფაქტი, რომ მათი სოციალიზაცია არ ხდება და ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი მიდიან, არის სკოლა, ისიც კი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ დაწესებულებაში არსებული რეალობა და პირობები, მიუხედავად იმ ფაქტისა , არის თუ არა ძალადობა, არ გამომდინარეობს ამ ბავშვების ინტერესებიდან. კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც ასეთ დაწესებულებებში ვიყავით, მათ შორის 2018 წელს, როცა არ გვქონდა ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, აღვნიშნეთ, რომ მთავარი გამოწვევა იყო მკაცრი აღზრდის ზომები. კონკრეტულად ბავშვების თავისუფალი დრო, რომელიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, თანატოლებთან ურთიერთობა შიგნით და გარეთ – ეს ასე არ იყო. შეზღუდულია კავშირი გარე სამყაროსთან, რას ვფიქრობთ ჩვენ, რომ ეს არ მომდინარეობს ბავშვების ინტერესებიდან და, რა თქმა უნდა, ეს აღნიშნულია მოხსენებებში.
Jnews-ს ასევე ესაუბრა გოგონა, რომელმაც წმინდა ნინოს პანსიონი 3 წლის წინ დაამთავრა. წარმოგიდგენთ ამ გოგონასთან საუბარს შემდეგ მისამართზე .