ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი ბოლო დღეებში საზოგადების ყურადღების ცენტრში მოექცა. სკანდალი მოჰყვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უარს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შეშვებასთან დაკავშირებით. ამ პანსიონატში მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ობლები იზრდებიან. Jnews-ს ინტერნატის ერთ–ერთი კურსდამთავრებული ესაუბრა, რომელმაც ბავშვთა სახლი 3 წლის წინ დატოვა. ჩვენი თანამოსაუბრე ამჟამად 21 წლისა. მან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
რამდენი წლის იყავით, როდესაც წმინდა ნინოს პანსიონატში მოხვდით?
– თავიდან ბავშვთა სახლი იყო ზესტაფონში. როგორც მითხრეს და წერია დოკუმენტებში, 9 დღის ვიყავი, როცა იქ მიმიყვანეს. 2004 წელს ბავშვთა სახლი ნინოწმინდაში გადაიტანეს და 2004 წლიდან ნინოწმინდაში ვართ. ბავშვთა სახლი დავტოვე, როდესაც 18 წლის ვიყავი.
რამდენი ბავშვი იყო პანსიონატში, როცა თქვენ იქ იყავით?
– როდესაც იქ ვცხოვრობდი, 200 ბავშვი იყო, ზესტაფონში უფრო მეტნი ვიყავით. ბევრმა დაამთავრა და ახლა მხოლოდ 60 ბავშვია.
ამ ბავშვებიდან, რამდენი დარჩა ჯავახეთში სწავლის დასრულების შემდეგ?
– ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ მე დავრჩი ჯავახეთში, დანარჩენები ძირითადად აჭარაში არიან, სადაც უფასოდ არის შესაძლებელი განათლების მიღება. ისინი სასწავლებლად იქ მიდიან. მეუფე სპირიდონმა გახსნა ეს საგანმანათლებლო დაწესებულება. ვისაც განათლების მიღება სურს, იქ მიდის, ხოლო ვისაც არა, ოჯახს ქმნიან, ბევრმა შექმნა ოჯახი. ახლაც აქ ვცხოვრობ.
რით ხართ დაკავებული?
– არ ვსწავლობ. ვმუშაობდი, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. ბავშვთა სახლიდან ბავშვების უმეტესობა ხელოსნობით და მხატვრობით ირჩენენ თავს.
ბოლო პერიოდში ლაპარაკობენ პანსიონატში მყოფი ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობაზე. როგორ იყო თქვენ დროს? რას ფიქრობთ ამაზე?
– არ ვიცი რას ამბობენ, მაგრამ მე ვცხოვრობდი, როგორც ოჯახში. დღეში 4-ჯერ ვიკვებებოდით. ძიძები დედებივით გვექცეოდნენ. ისინი არ ისვენებდნენ. საკუთარი ოჯახები 2-3 თვის განმავლობაში დატოვეს და ჩვენთან მოვიდნენ. თითოეული ბავშვს დედებივით ექცეოდნენ, ხოლო მეუფე სპირიდონი მამასავით გვექცეოდა. რა თქმა უნდა, ვერავინ შეცვლის მშობლების სიყვარულს. მე არ შევხვედრივარ ისეთ პრობლემას, როგორიცაა ძალადობა. მსგავსი არასოდეს მინახავს.
პანსიონატიდან ბავშვები მიჰყავდათ?
– მახსოვს, 2-3 ბავშვი იშვილეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მიდიან, ისინი ბრუნდებიან, მათ ოჯახები არ მოსწონთ. მაგრამ 3-4 შემთხვევა მახსოვს, როდესაც ბავშვები ოჯახებში დარჩნენ.
რატომ ასე ცოტა?
– საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, სოციალური მუშაკებიც მოვიდნენ ჩემთან, მაჩვენეს ოჯახი, სადაც უნდა წავსულიყავი და არ მომეწონა იქაური პირობები. აქ ბევრი მეგობარი მყავდა, ისინი ჩემთვის ოჯახივით იყვნენ, ოჯახს ვერ მოვერგე. თითოეულ ბავშვს აქვს საკუთარი სურვილი, თუ არ მოსწონთ, მათ შეუძლიათ სახლში დაბრუნდნენ პანსიონატში.
როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? ზოგადად რას აკეთებენ ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ?
– ალბათ, ოჯახს შევქმნი, რომ ქართველების რიცხვი გავზარდო (იცინის). ძირითადად ოჯახებს ქმნიან, როდესაც ისინი სწავლას დაასრულებენ ან მიიღებენ განათლებას. ჩემმა დამ ოჯახი შექმნა. მე ვცხოვრობ ახალქალაქის ეპარქიაში. ჩემი და ასევე ცხოვრობდა ჩემთან, როცა დაოჯახებამდე ბავშვთა სახლი დაამთავრა. რადგან სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. მთელი ცხოვრება ბავშვთა სახლში ვცხოვრობდით და არ ვიცნობდით ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს, რომ ეს სამყარო შეიძლება საშინელი და საშიში იყოს. ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ესეც საშიშია ჩვენთვის. ჩემი დის მეუღლემ ჩემი დის ხელი მეუფე ნიკოლოზს სთხოვა, და მან დააქორწინა ისინი.
თქვენ როგორ ატარებდით დღეს პანისონატში?
– ყველას დღე თავისი სურვილისამებრ გადიოდა. ჩვეულებრივ იწყება ლიტურგია, რომელიც ყოველდღე 9 საათიდან ტარდებოდა. 9:30 საათზე სკოლაში მივდიოდით. გაკვეთილების შემდეგ ძიძებს სახლში მივყავდით, ჩემი აზრით, ეს სწორი იყო, რადგან მშობლებს ყოველთვის მიჰყავთ შვილები სახლში, ექსკურსიებზე მიჰყავთ. ჩვენს შემთხვევაში, მშობლების როლს ძიძები ასრულებდნენ. გაკვეთილების შემდეგ, ისინი გაკვეთილებს გვასწავლიდნენ, მართალია მე მეზარებოდა დავალების შესრულება, მაგრამ საჭირო იყო და ვსწავლობდი. შემდეგ ვქსოვდი. ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები ყოფილიყო, არა, არაფერი არ ყოფილა.
ნინოწმინდის სხვა ბავშვებთან ურთიერთობა გქონდათ?
– დიახ, რა თქმა უნდა. პარკში დავდიოდით. ახალი წლისთვის გავდიოდით. ნინოწმინდის მოსახლეობა თვითონ მოდიოდა ჩვენთან სტუმრად და ჩვენ მათთან ერთად ეზოში ვთამაშობდით. რასაც ისინი ამბობენ, რომ დაკეტილია, ასე არ არის, მხოლოდ კარიბჭე იყო დაკეტილი. ჩვენთანაც მოდიოდნენ და ჩვენც მივდიოდით. სტუმრები ყოველთვის გვყავდა. მეუფეს ურეკავდნენ, რომ ჩვენთან სტუმრობა სურდათ და ბევრი მოდიოდა. დახურული არაფერი ყოფილა.