პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარე, გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად ითვლება. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს.
27 აპრილის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. ამის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დაემატება.
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.
პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.
“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, – ასე განმარტა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზი.