ჯო ბაიდენის განცხადება არის ძლიერი ნაბიჯი ჭეშმარიტი ისტორიული სამართლიანობის გზაზე და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემკვიდრეებისადმი ფასდაუდებელი მხარდაჭერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წერს. წერილს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს, მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ის სომეხთა გენოციდს აღიარებს.
„აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება არის საერთაშორისო საზოგადოებისადმი აუცილებელი გზავნილი, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტს და საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებებს. ამ თვალსაზრისით, ეს არის შთამაგონებელი და იმედისმომცემი მაგალითი ყველასთვის, ვისაც სურს სამართლიანი და ტოლერანტული საერთაშორისო საზოგადოების შენება“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.