„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს.
როგორც გამოცემა იუწყება, ბაიდენი შესაბამის განცხადებას 24 აპრილს გააკეთებს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში 1915 წელს განვითარებული მოვლენების მსხვერპლთ პატივს მიაგებს.
როგორც ვარაუდობენ, ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა დეპორტაციასა და მასობრივ მკვლელობას გენოციდად მოიხსენიებს.
ამასთან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ აღიარებისგან თავი შეიკავოს და სიტყვა „გენოციდი“ არ გამოიყენოს.
თურქეთის ხელისუფლება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს არ აღიარებს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თუ ბაიდენი თავის გამოსვლაში გენოციდს ახსენებს, ეს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ ბაიდენის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამის შესახებ 24 აპრილს ისაუბრებს.