ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მცხოვრები არევიკი, ჯერ 13 წლის არის და უკვე,  მისი თანასოფლელი, დაახლოებით 30 ბავშვი მასთან ცეკვას სწავლობს.

სოფელ კარტიკამის გოგონებისთვის ყველაზე ბედნიერი დროა, როდესაც არევიკთან გაკვეთილები ეწყებათ. 13 წლის სკოლის მოსწავლე თავადაც პატარაა, მაგრამ მშობლიურ სოფელში უკვე ასწავლის გოგონებს ყველაფერს, რაც თავად შეუძლია.

როდესაც ნაზი არევიკი ცეკვავს, მისი გრაციოზული და ჰაეროვანი მოძრაობები და არტისტული სტილი ყურადღებას იპყრობს.

“ადრეული ასაკიდან მიყვარდა ცეკვა. როცა ჩვენს სოფელში საცეკვაო ჯგუფი გაიხსნა, იქ მივედი, მაგრამ შემდეგ შევწყვიტე, არ მომეწონა ცეკვები, რომლებსაც გვასწავლიდნენ. მერე ტანვარჯიშზე დავიწყე სიარული. გავიგეთ, რომ არის საცეკვაო ჯგუფი “ანი” და სედა ჰაკობიანმა გახსნა სტუდია, სადაც იგი ტანვარჯიშს ასწავლის. ტანვარჯიშის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად იქ გადავედი, მაგრამ შემდეგ ტანვარჯიშთან ერთად ცეკვა დავიწყე. რამდენიმე ხანში ცეკვაში კარგი შედეგები მქონდა, ბავშვებს ვეხმარებოდი სწავლაში. მე მათ ტანვარჯიშს ვასწავლიდი. შემდეგ დაიწყო კარანტინი და ა.შ. თავიდან ონლაინ ცეკვის გაკვეთილებში ვმონაწილეობდი, კონკურსებზე გავდიოდი, ახლა კი აღარ”, – ამბობს არევიკ გინოიანი.

DSC_0106

როცა პანდემია დაიწყო, ცეკვის სკოლა «ანი» დაიხურა უსაფრთხოების ზომების გამო, ისევე, როგორც ყველგან. შემდეგ ნათესავებმა და მეზობლებმა არევიკს სთხოვეს, ბავშვებთან ერთად ემეცადინა. მან 9 თვის წინ დაიწყო სოფლის ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება. ჯგუფში სულ გოგოები არიან. მხოლოდ ერთ ბიჭთან მუშაობს ინდივიდუალურად.

პატარა ქორეოგრაფთან ცეკვის შესასწავლად 25-30 ბავშვი 2 ჯგუფად დადის. პირველი – ძალიან პატარების, მეორე მოზარდების – 9-დან 11 წლის.

«თავიდან ერთი გოგონა მოვიდა, ქართული ცეკვის სწავლა უნდოდა – ეს იყო დედაჩემის მეგობრის ქალიშვილი. უბრალოდ მოდიოდა. მათ იცოდნენ, რომ ცეკვა შემეძლო. შემდეგ მეზობელი გოგონა მოვიდა და ასე უფრო და უფრო გაიზარდა ჯგუფი. თავიდან ცოტანი ვიყავით და მისაღებ ოთახში ვმეცადინეობდით. როცა თანდათანობით უფრო მეტნი გავხდით, ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა სტუდიისთვის ოთახი გამოეყო. სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდნენ მამა, დედა, ჩემი ძმა, ბაბუები და ყველა ნათესავი. სარკის იდეა მამაჩემს ეკუთვნის, დედა ორგანიზაციული საკითხებით არის დაკავებული”, – ყვება ის.

ორი ოთახი გავაერთიანეთ და სივრცეც უფრო გაიზარდა. იქ იყო ზედმეტი ნივთების საცავი. ახლა კი  უზარმაზარი ოთახი ორივე ჯგუფთან ცალკე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

”მინდა გავზარდო ჯგუფიც და სტუდიაც. მინდა, რომ გვქონდეს ჩვენი საკუთარი ეროვნული სამოსი (ტარაზები). ამ დროისთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. რადგან ეს ტანსაცმელი უნდა ვიქირავოთ. საკუთარი სამოსის დამზადება ძალიან ძვირი ჯდება”, – ყვება არევიკი.

მისი ჰობი, მხოლოდ ტანვარჯიშითა და ცეკვით არ შემოიფარგლება, ის ასევე ხატავს. “არ მინდა უსაქმოდ ყოფნა”, – ამბობს ის.

DSC_0145

ბავშვებს ძალიან იზიდავს არევიკი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი პატარა ქორეოგრაფზე ბევრად პატარა არ არის, ისინი მაინც ემორჩილებიან მას და ხშირად, როგორც უფროსს და ავტორიტეტულ მასწავლებელს, ისე მიმართავენ. ბავშვები აღიარებენ, რომ უფრო მეტად უყვართ მთელი ცეკვის შესრულება, ვიდრე ცალკეული მოძრაობების რეპეტიცია.

”როცა ისინი იღლებიან, აღარ მისმენენ. მაშინ არის ძალიან რთული, მაგრამ, მაინც შემიძლია ხელმძღვანელობა. იმაზე, რომ გავუბრაზდე, არ ვფიქრობ (იცინის), ამაზე დედაჩემი ფიქრობს”, – არევიკი ღიმილით დედას უყურებს.

”მეცოდება ჩემი შვილი, წვალობს. თუმცა მას ემორჩილებიან მას შემდეგ, რაც ასეთ შედეგებს მიაღწიეს”, – ამბობს არევიკის დედა, სუზანა.

 

DSC_0482

მან თავის სტუდიას Arev evolution dance დაარქვა.

”თვითონ ვიგონებ ცეკვებს, როცა, რაღაც მოძრაობა მაკლია, ინტერნეტში ვეძებ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. სომხური ცეკვების შესახებ გარკვეული ცოდნა მაქვს. თვითონ ვწყვეტ, რომელი მოძრაობა რის შემდეგ უნდა ჩავსვა. არ არსებობს ისეთი რამ, უყურო და ისწავლო ცეკვა. ძალიან ბევრი მოძრაობა რთულია. მე მარტივი მოძრაობიდან ვიწყებ სწავლებას და შემდეგ გადავდივარ რთულზე”, – ამბობს არევიკი.

DSC_0546

თავის მომავალს არევიკი ​ხელოვნებაში ხედავს და უკვე დაიწყო ამისთვის მზადება, თუმცა არ გამორიცხავს, ​​რომ მეორე პროფესიაც დასჭირდეს.

”მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ამ ზაფხულს, 2 თვით, თბილისში წავიდე სასწავლებლად. ზუსტად არ ვიცი სად, წავალთ და იქ გავარკვევთ. მინდა ქართული ცეკვების შესწავლა. დეიდა იქ ცხოვრობს, მასთან ვიცხოვრებ და ვისწავლი. თუ გამომივა, ერევანშიც წავალ. ჩემი პედაგოგები ამბობენ, რომ ჯობია უმაღლესი განათლება ხელოვნების სფეროში მივიღო. მე უფრო დიზაინერობისკენ ვიხრები, ეს მომწონს. კლასშიც კი, როცა რამეს ირჩევენ, აზრს მეკითხებიან. ამბობენ, არევიკს კარგი ფანტაზია აქვს”, – ამბობს ის.

 

DSC_0565

პატარა მოცეკვავე თავის პატარა მოსწავლეებს უფასოდ ასწავლის. იმავდროულად, ახალ ჯგუფს, რომელიც COVID-19-ის წყალობით შეიქმნა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა დიდ სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა.