მთიან ყარაბაღში 2020 წელს ომის შემდეგ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების შესახებ Jnews-ს რონდელის ფონდის ექსპერტებს ესაუბრა. რა შედეგები დატოვა ომმა სამხრეთ კავკასიაში, როგორ შეიცვლება საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი, ახალი პროექტებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
გეოპოლიტიკური რეალიები – ალექსი პეტრიაშვილი
რა შეიცვალა სამხრეთ კავკასიაში მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ?
– ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა ჩვენს რეგიონში რეალურად ტექნიკური ცვლილებები გამოიწვია. ჩვენ ყველაზე მეტად, სიმართლე გითხრათ, გვაწუხებს ის, რომ ლურჯი ჩაფხუტების ქვეშ, მშვიდობისმყოფელების მანდატების ქვეშ იქ, რეალურად დაფუძნდა რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო ბაზა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტი 2000 ადამიანს შეადგენს. მართალია ჩვენ გვაღელვებდა ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდებოდა და ჯერ კიდევ გვაწუხებს. ჩვენ აზერბაიჯანთან სტრატეგიული პროექტები და ჩვენს მეგობარ სომხეთთან კეთილმეზობლური ისტორიული ურთიერთობები გვაქვს. ორივე მხარესთან გვინდა მშვიდობიანად და აყვავებულად ცხოვრება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, სასარგებლოდ იქნება.
თვალს ვადევნებ იმ ეკონომიკურ, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია და საფუძველი დარწმუნებული ვიყო, რომ ეს პროექტები ახლო მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამოქმედდება. ვგულისხმობ სატრანსპორტო დერეფნებს, საკომუნიკაციო კავშირებს, რკინიგზას, რომელმაც ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი უნდა დააკავშიროს. და რა თქმა უნდა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით. ის რა თქმა უნდა რეგიონს სტაბილურობას მოუტანს – ეს რასაკვირველია კონკურენტული იქნება იმ სატვირთო სატრანსპორტო გადაზიდვებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის, მაგრამ ჩემი აზრით, ძირითადი სატრანსპორტო ხაზი საქართველოს გავლით გარკვეული დროის განმავლობაში, მაინც შენარჩუნდება.
შეიცვალა თუ არა სამმხრივი ურთიერთობა?
– რაც შეეხება სამმხრივ ურთიერთობას, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით ხელი შევუწყოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ოპტიმისტურად მინდოდა ყოფნა, მაგრამ უახლოეს პერიოდში პოსტკონფლიქტური დაძაბულობა, მაინც იქნება, ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის არ აღინიშნება, მაგრამ მე შეიძლება ვცდებოდე.
შეიცვლება თუ არა სომხეთის გარეპოლიტიკური კურსი?
– ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ძალას გამონახავს იმ კურსის გასაგრძელებლად, რასაც ჰქვია რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა. სომხეთი დამოუკიდებლად მოაგვარებს იმ საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომეხი ერის ინტერესებს, აყვავებას და სომხეთის გრძელვადიან სტაბილურობას. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ თანამშრომლობის ფარგლებში სხვა ფორმატების ფარგლებში სომხეთი აქტიურად ითანამშრომლებს დემოკრატიულ ორგანიზაციებთან, ევროპულ საბჭოსთან, ასევე, ვიმედოვნებ, რომ აშშ-ც ახალ ადმინისტრაციასთან ერთად პოზიტიური მხრივ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. არ ვთვლი, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები სომხეთის და სომხური ერის უსაფრთხოების გარანტია და ეს საქმით არის დამტკიცებული. ვთვლი, რომ პირიქით, შეიძლება სომხეთის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, ვიდრე მის გრძელვადიან სტაბილურობას.
1995-დან 1998 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ანალიზის სამსახურში. 1998 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსის და სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის. ასევე, ავსტრიაში საქართველოს ელჩის, საქართველოში ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლობის და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციების უფროსი მრჩეველი იყო. უფროსი მრჩეველი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკაში და კანადაში საქართველოს საელჩოში, თურქმენეთში და აღვანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი იყო. 2012 წლის ოქტომბერში ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2012-2014 წლებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებით სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პეტრიაშვილის პოლიტიკური საქმიანობა ძირითადად პოლიტიკურ პარტია «თავისუფალ დემოკრატებს» უკავშირდება , სადაც 2010-2012 წლებში პოლიტიკური მდივნის, ხოლო 2014-2016 წლებში გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ეკონომიკური რეალიები – ვალერი ჩეჩელაშვილი
როგორ შეიძლება შეიცვალოს ომის შემდეგ ეკონომიკური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში?
-მე უნდა ვთქვა, რომ მშვიდობა მუდამ უკეთესია, ვიდრე ომი. ის ვითარება, რომელიც ეტაპობრივად სტაბილურდება, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობებს ხსნის. აქ ორი მნიშვნელოვანი დერეფანი ჩნდება. პირველი – ეს არის ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აერთიანებს, რომელიც კონტროლდება რუსეთის მშვიდობისმყოფელების მიერ. ხოლო მეორე დერეფანი, რომელიც უნდა აშენდეს – ეს არის სომხეთის სამხრეთის რაიონების გავლით დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანთან აკავშირებს. ამ დერეფანს, რომელზეც სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელ შეთანხმდა, რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ანუ ის მესაზღვრე სამხედროები, რომლებიც დღეს სომხეთის საზღვარს თურქეთთან აკონტროლებენ.
რამდენად კონკურენტული შეიძლება იყოს ახალი დერეფნები სატრანზიტო ქვეყნისთვის – საქართველოსთვის?
– დერეფანი, რომელიც ვინმეს მიერ კონტროლდება, მით უმეტეს, მესამე მხარის მიერ, მდგრადი სტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს – ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ჯერ საჭიროა ამ დერეფნის აშენება. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, ის ემსახურება ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს და შემდეგ, სერიოზული სატრანსპორტო კომუნიკაციები რომ აშენდეს, ისეთები, რომლებიც ახლა საქართველოში გადის – ეს არის რკინიგზა, ავტობანი და სხვ. სერიოზული სახსრების ჩადებაა საჭირო. მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან რთული გეოგრაფიული პროფილია. ამ პროფილით სატრანსპორტო კომუნიკაციების განლაგება, რომლებიც გარე მოთამაშეებს ემსახურებოდნენ, როგორც სატრანზიტო, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა. საჭიროა ძალიან სერიოზული ინვესტიციები და დრო იმისთვის, რომ სატვირთო გადამზიდებმა, ან სატვირთო მიმღებებმა ეს შესაძლებლობა ნახონ. ძალიან არაბუნებრივია, როცა სატრანსპორტო კომუნიკაციები შეიარაღებული ძალების მიერ არის დაცული, მით უმეტეს, მესამე მხარის მიერ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ ახალი სატრანსპორტო დერეფნის სტაბილურობის პასუხისმგებლობას არა სომხეთი, ან აზერბაიჯანი, არამედ რუსეთი კისრულობს. ამ პირობებში, რამდენად შესაძლებელია სატრანსპორტო ნაკადების გადამისამართება ჩემთვის დიდ კითხვის ნიშნად რჩება.
მაგრამ თუკი სიტუაციას ფართოდ შევხედავთ, ვფიქრობ ცუდი არაფერია, რომ ახალი დერეფნები ჩნდება. ეს მხოლოდ სტიმულირებას, მოტივაციას უკეთებს კონკურენციას, და ნებისმიერი კონკურენცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სატრანზიტო მომსახურების რაოდენობა გააუმჯობესოს და ტარიფები შეამციროს. ამიტომ, გასათვალისწინებელია და საჭიროა იმ ყველაფრის გაკეთება, რომ ქვეყანა და სატრანზიტო დერეფნები, რომლებიც საქართველოს გავლით გადიან, მეტად კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გახდეს.
რამდენად შეძლებენ სომხეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობას სიძულვილისა და სამხედრო შეჯახების მსხვერპლის მოხსენიების პირობებში?
– ასევე არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების ფაქტორი, აუცილებელია, დრო გავიდეს, რომ მხარეებმა ერთმანეთს ნდობის შეგრძნებით და ა.შ შეხედოთ. რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყველა საკითხი, რომლებიც მათ შორის წარმოიქმნება ერთმანეთში მოაგვარონ. რომელიმე მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე. ეს რუსეთი იქნება, თუ თურქეთი. ეს პერიოდი ახლო მომავალში არა, მაგრამ მომავალ 5 წელიწადში დალაგდება. ამ ვადით არის ხელმოწერილი მოლაპარაკება რუსეთის მშვიდობისმყოფელებთან, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ ყოფნას რეგიონში. პლუს კიდევ ის, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება – ეს ცალკე ისტორიაა.
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ – თანამშრომელი 2016 წლიდან. დიპლომატი 1989 წლის ოქტომბრიდან. ის სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე სექტორიდან დაწყებული, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემდე (1998-2000). ფინანსთა მინისტრი იყო 2005 წელს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (2005-2007). იყო უკრაინაში ელჩი (1994-1998), ელჩი რუსეთის ფედერაციაში (2004-2005), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივანი (2007-2016 წწ.).