ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო. ამის შესახებ დღეს, შეფასებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის უფროსმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ღია კარის დღეები აბიტურიენტთათვის, რომელიც ოთხშაბათობის იმართება, ამჯერად კორონავირუსის გამო, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
აბიტურიენტები, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ცენტრის ფეისბუქ გვერძე მიიღებენ.
მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.
გორგოძის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრმა აბიტურიენტებისათვის სპეციალური ვიდეორგოლი დაამზადა, რომელშიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ეტაპები დეტალურადაა წარმოდგენილი.
დღეიდან აბიტურიენტებს აქვთ წვდომა “აბიტურიენტების ელექტრონულ ცნობარზე”, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის საიტზეა განთავსებული. 2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.
ჩვეულებისამებრ, წელს რეგისტრაცია რამოდენიმე ეტაპად გაივლის. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებზე და სტუდენტებისათვის საგრანტო პროგრამებზე რეგისტრაციას, ის 9 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 26 მარტს 18:00 საათზე.
იმისათვის, რომ აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი, მან სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბაროს, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, უცხო ენა და გამოცდა ერთ არჩევით საგანში: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
გასულ წელს მოხსნილი “უნარების გამოცდის” ჩაბარება აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ ამას რომელიმე უნივერსიტეტი მოითხოვს.