პირებს, რომლებმაც ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღეს, ბავრა-ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, – იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩო.
“გაცნობებთ, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა დღეს, 10:00 საათიდან განაახლა მუშაობა და იმ პირებს, რომლებმაც საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღეს, “სადახლოს” სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარდა ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტითაც შეუძლიათ ისარგებლონ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.
აღვნიშნავთ, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით სატვირთოების გადასვლა დღე-ღამის რეჟიმში ხორციელდება.
იმავდროულად გაცნობებთ, რომ სომხეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია, მხოლოდ ვაქცინაციის (ორი დოზის) შემდეგ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში გადასვლა შეუძლიათ სპეციალური ნებართვით, რომელიც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება გაცემული”, – ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს შეტყობინებაში.