ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, უფრო მეტიც, ის კატასტროფულად ცოტაა.
სოფელ ბურაშენში დაახლოებით 120 ოჯახია. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წელს სოფლის მოსახლეობას პრობლემები დაემატა, რადგან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხეს. სოფლის მოსახლეობა სამუშაოდ, ძირითადად რუსეთში დადის.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა, არ არის ნორმალური გზები, საბავშვო ბაღი, ქუჩის განათება, ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი – სასმელი წყალი.
არზუმან აპოზიანის თქმით, წყალსადენი მილი ძალიან ძველია, მილები ჟანგისგან დაბინძურდა და, ამიტომ წყალი სოფლამდე ვერ აღწევს.
“არ მახსოვს, წყალსადენი მილი ბოლოს როდის გარემონტდა, უკვე თითქმის 30 წელია სოფელში წყლის უკმარისობაა“, – ამბობს ის.
კარენ აპოზიანის თქმით, მათ შესაბამის უწყებებს ამ საკითხით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია და გაურკვეველია, მოგვარდება თუ არა საერთოდ.
“ყოველთვის გვეუბნებიან, რომ სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარდება, ვნახოთ, როდის. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება”, – ამბობს სოფელ ბუღაშენის მცხოვრები.
წყლის გარდა, სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თითქმის ყველა ოჯახიდან მიდიოდნენ ოჯახის წევრები სამუშაოდ, თუმცა წლეულს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა წასვლა. როგორც სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, სოფელში გარე განათების პრობლემაც არის.
“წლეულს რუსეთში სამუშაოდ წასვლა ბევრმა ვერ მოახერხა, ხოლო სოფელში არაფერი არ არის, სამუშაო არ არის, ფული არ არის”, – ამბობს სოფლის მცხოვრები გაბრიელ ეგოიანი.
სოფელ ბუღაშენში მერის წარმომადგენლის, პატვაკან სააკიანის თქმით, შარშან და წინა წლებშიც “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით გამოყოფილი სახსრებით სოფლის მოსახლეობამ მილები იყიდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
“დაახლოებით 800 მეტრი მილი უკვე არის, თუკი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება იქნება, ეს საკითხი წელს მოგვარდება, თუმცა კონკრეტულად როსი – ჯერჯერობით უცნობია”, – ამბობს ის.