ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარით და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 54.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.8 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 41.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 904.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).
ამასთან, როგორც სებ-ში აცხადებენ, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.9 პროცენტი).
მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.