საქართველოს იუსტიციის სახლში ცვლილებებია მოსალოდნელი, კერძოდ, ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით.
JNEWS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პირველი მაისიდან მომსახურების ღირებულება გაიზრდება.
ბიომეტრიული პასპორტის ათ დღეში ასაღებად, 1-ლი მაისიდან, 100 ლარის ნაცვლად 154 ლარის გადახდა მოგიწევთ.
• პასპორტის ხუთ დღეში ასაღებად 120 ლარის ნაცვლად 184 ლარის გადახდაა საჭირო.
• სამ დღეში მისაღებად 229 ლარს გადაიხდით 150 ლარის ნაცვლად.
• პასპორტის იმავე დღეს მისაღებად 205 ლარის ნაცვლად საჭიროა 354 ლარის გადახდა.
რაც შეეხება პირადობის მოწმობას, 10-სამუშაო დღეში პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეები 1-ლი მაისიდან 30 ლარის ნაცვლად 64 ლარს გადაიხდიან.
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ხუთ დღეში ასაღებად 40 ლარის ნაცვლად 84 ლარის გადახდა მოგიწევთ.
• სამ დღეში მის მისაღებად 50 ლარის ნაცვლად 104 ლარს გადაიხდით.
• იმავე დღეს მისაღებად 65 ლარის ნაცვლად 154 ლარი იქნება გადასახდელი.
გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად JNEWS-ი საქართველოს იუსტიციის სახლს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ფასების ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა უფრო დეტალურ ინფორმაციას ვერ ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.