დღეს, 17 დეკემბერს, სომხეთში ოპოზიციის მორიგი “ღირსების მარში” გაიმართა. მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია- პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. ამის შესახებ იტყობინება Panorama.am.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს დროშებით და სიტყვებით სიმღერიდან “ჩემი არცახი, ჩემი მიწა და წყალი, ჩემი სომხეთი”. მომიტინგეებმა სვლა დიდი პლაკატებით “სწორედ შენ გადაარჩენ სამშობლოს”, შეძახილებით “სომხეთი, სომხეთი!” და “სომხეთი ნიკოლის გარეშე” ჩაატარეს.
გეღამ მანუკიანმა მიმართა მათ, ვინც მსვლელობის მონაწილეებს ფანჯრიდან ადევნებდა თვალყურს, და თქვა, რომ ფაშინიანი ქმნის ისეთ ვითარებას, სადაც ხვალ კაპანი სროლებს ემსხვერპლება. მან სახლში, სავარძელზე მჯდომ მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლებს პირდაპირ ეთერში უყურებენ, მოუწოდა ქუჩაში გამოვიდნენ და მათ შეუერთდნენ.
“ერთი რამ გაიგეთ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. თურქმა თქვენს კარამდე უნდა მოაღწიოს, რომ მომხდარი გააცნობიეროთ? გაიაზრეთ ის, რაც სომხეთში ხდება,- ეს ბროძოლაა არსებობისთვის. აქ არ არის შავი და თეთრი! “ნიკოლ, წადი!”,- განაცხადა მანუკიანმა.
ხოლო პარტია “სამშობლოს” ლიდერმა, არტურ ვანეციანმა აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფაშინიანმა ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ომის პირველივე დღიდან, დაამტკიცა, რომ მას ქვეყნისა და ერისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
“ამიტომ ვიძახით, ფაშინიან, წადი! ადგილი იმ ადამიანებს დაუთმე, ვინც შეძლებს ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვინც იმ საკითხების მოგვარებას შეძლებს, რომლებიც დაგროვდა და ვერ წყდება”,- თქვა მან და დაამატა, რომ “ჩვენ ყოველ დღე ვკარგავთ ჩვენს სოფლებს, ჩვენს მოქალაქეებს კლავენ და მძევლებად იყვანენ”.