სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა 9 დეკემბერს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინეს და წითელი ბარათებით ხელში რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

პროტესტის მონაწილეები “სომხეთი ნიკოლის გარეშე” შეძახილებით და ხელში წითელი ბარათებით პოლიციის თანამშრომლების მიერ შემოღობილი შენობის წინ დგანან.  აქცია მრავალრიცხოვანი არ არის, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმაც აღიარეს.

ამასთანავე ხელისუფლება დეპუტატების კითხვებს პარლამენტის შენობაში პასუხობს.

სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ვლადიმერ პუტინმა და ილხამ ალიევმა 10 ნოემბრის ღამით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებების შეჩერების ერთობლივ შეთანხმებას  მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, რიგი რაიონებისა აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება,  მხარეები ტყვეების გაცვლას აწარმოებენ. შეხების ხაზზე და ლაჩინის დერეფნის მახლობლად, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აერთიანებს, რუსეთის მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან.

განცხადების ხელმოწერის შემდეგ სომხეთში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.