ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.
„საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მრავალფეროვანი პარლამენტი ჩამოყალიბდა, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღონ მანდატები და ახალ პარლამენტში შევიდნენ“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
ტიტუს კორლატეანიმ და კლოდ კერნიმ ასევე აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებულ შეფასებას.
„ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის ბრალდებებს ისეთი დარღვევების შესახებ, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლა. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და შესაბამისმა ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ. საარჩევნო დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღქმა არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს. ახალ პარლამენტს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება“, – დასძინეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა.