მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს.
“13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.
იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას”, – წერს ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე”.
ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად, 2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა.