ახალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში მოსწავლეების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენება შეიზღუდა. ახალი წესის თანახმად, გაკვეთილების მიმდინარეობისას ბავშვებს ტელეფონების გამოყენება არ შეუძლიათ — ისინი საკლასო ოთახებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში უნდა შეინახონ და მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაიბრუნონ. Jnews-მა დაინტერესდა, რას ფიქრობენ მშობლები ამ სიახლის შესახებ.
ახალქალაქის ბევრი სკოლის საკლასო ოთახში უკვე დაიდგა სპეციალური ყუთები, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტელეფონები უნდა განთავსდეს. გაკვეთილების დროს პედაგოგებიც ვალდებულნი არიან საკუთარი ტელეფონები ამ ყუთებში ჩადონ, რათა მოსწავლეებისთვის პირადი მაგალითი გახდნენ.
განათლების სისტემაში ეს ცვლილება წარმოდგენილია, როგორც სასწავლო პროცესში ყურადღების კონცენტრაციის ამაღლებისა და ტელეფონებით გამოწვეული ხელისშემშლელი ფაქტორების შემცირების საშუალება.
დაეხმარება თუ არა ტელეფონების აკრძალვა ბავშვებს გაკვეთილებზე უკეთ კონცენტრირებაში, თუ ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის? როგორ ეპყრობიან მშობლები ახალ წესს და მიაჩნიათ თუ არა ის აუცილებლად? Jnews-ი მოსწავლეთა მშობლებს ესაუბრა.
„ჩემი შვილი ახალქალაქის №4 სკოლაში სოფელ ბავრიდან დადის. იძულებული ვარ ბიჭს ტელეფონი გავატანო, რათა მასთან კავშირი მქონდეს, თუმცა ყოველთვის ვნერვიულობ, რომ შესაძლოა გაკვეთილებზე ტელეფონს ბოროტად იყენებდეს. ეს ახალი კანონი ძალიან მომწონს. მშვიდად ვიქნები, რადგან ვიცი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შვილთან დაკავშირებას შევძლებ, ამავდროულად კი დარწმუნებული ვიქნები, რომ მას ყურადღება ტელეფონზე არ გაეფანტება“, — განაცხადა აქსანა სერობიანმა.
„ორი შვილი მყავს, გოგონას სკოლაში ტელეფონი დაჰქონდა, ბიჭს კი არ ვრთავდი ნებას. თუმცა ჩემი ბიჭის თანაკლასელებს დაჰქონდათ და ეს ჩვენს სახლში ყოველდღიური პროტესტის თემა გახდა. მიხარია, რომ ამიერიდან სკოლაში, გაკვეთილების დროს, ტელეფონს არცერთი ბავშვი აღარ გამოიყენებს“, — განაცხადა №4 სკოლის მოსწავლის მშობელმა, გოჰარ უნანიანმა.
„ჩემი გოგონები №1 სკოლაში დადიან. უნდა ვთქვა, რომ ახალი კანონის მიღებამდეც ჩვენი დამრიგებელი აგროვებდა ბავშვების ტელეფონებს, სამასწავლებლოში მიჰქონდა და მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ უბრუნებდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებდა, ახლა კი უფრო მიხარია, რომ ეს წესი საყოველთაო გახდება“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში ელიზა ჩივჩიანმა.
„ცალსახად ვეთანხმები იმას, რომ ტელეფონი გაკვეთილებზე ხელს უშლით, თუმცა არის გარკვეული გარემოებები, რაც მაწუხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის პარალელურად სწორად და მოქნილად იყოს ორგანიზებული მშობლისა და დამრიგებლის კავშირი, რათა ბავშვის შესახებ ინფორმაცია მშობლამდე ძალიან სწრაფად მივიდეს. გასულ წელს ასეთი ინციდენტი მომიხდა: ბავშვები სკოლაში იჩხუბნენ, ჩემი ბიჭი დაშავდა და ეს ყველაფერი მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ გავანდე, არადა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე გამეგო. თუ ეს ყველაფერი სწორად მოეწყობა, მე მხოლოდ მომხრე ვარ, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე ტელეფონების გარეშე ისხდნენ“, — თქვა №1 სკოლის მოსწავლის მშობელმა, ასთღიკ ხანჯიანმა.
„ჩემი გოგონა მე-6 კლასში სწავლობს, აქამდე არ ვაძლევდი ნებას ტელეფონი წაეღო, თუმცა ჩემი ბიჭი უკვე მე-12 კლასშია და ჩემთვის ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენია, რომ მე-12 კლასში შესაძლებელი იქნება ბავშვების ტელეფონისგან მოწყვეტა. ცალსახად მომხრე ვარ და ძალიან გამიხარდება“, — განაცხადა №4 სკოლის მოსწავლის მშობელმა, გაიანე ალვანიანმა.
Jnews-თან საუბარში მშობლების უმრავლესობა, ფაქტობრივად, ერთსულოვანი აღმოჩნდა: ისინი დადებითად ეკიდებიან ახალ შეზღუდვას და მიაჩნიათ, რომ ბავშვები გაკვეთილებზე ტელეფონის გარეშე უნდა იყვნენ, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ დამრიგებლის მეშვეობით ბავშვთან კავშირის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ავტორი-არექნაზ გრიგორიან