შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებაში დახმარებისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ბრალდებულების პირადი, მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეთადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი „კანაფის“ მცენარე და 323 აბი „პრეგაბალინი“.
დაკავებულთა შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნითაც პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების საკონტროლო ჩანაცვლება განახორციელა და ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260⁴-ე, 19-260-ე, 261-ე, 265¹-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.