ესტონეთმა სომხეთში საელჩო გახსნა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნაც დაესწრო. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერევანში საელჩოს გახსნა არის ორ ქვეყანას შორის ნდობისა და ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების სიმბოლო.
საელჩოს გახსნას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანიც ესწრებოდა. სომხეთში ესტონეთის საელჩოს საქართველოში ყოფილი ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი უხელმძღვანელებს.
აქამდე ორივე ქვეყანას სომხეთსა და საქართველოს ერთი ელჩი ფარავდა, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავდა.
თბილისში კი ესტონეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული უხელმძღვანელებს და უცნობია როდის დანიშნავს ესტონეთის მთავრობას საქართველოში ელჩს. ელჩის სომხეთში გადაყვანის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაუარესებულ ურთიერთობას უკავშირდება.
“თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია”,- უთხრა “ინტერპრესნიუსს” მარდისალუ-კაჰარმა. მანამდე ესტონეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო.