რუსეთი მშვიდად უყურებს სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, თუმცა პუტინმა აღნიშნა, რომ ერევანი ერთდროულად ორ ეკონომიკურ კავშირში, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ეს ეკონომიკური მიზეზების გამო შეუძლებელია.

„ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან, მაგრამ ეს ნათელი უნდა იყოს, პირდაპირ უნდა ითქვას: ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ განსაზღვრებითაც შეუძლებელია. აქ საკითხი არა პოლიტიკური, არამედ წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში ევროკავშირი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სადავო საკითხების მოგვარებას და თანამშრომლობას შეძლებენ.

„ოდესმე, შესაძლოა წლების შემდეგ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ევროკავშირი ითანამშრომლებენ. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთ კონტინენტზე ვცხოვრობთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერს იმას, რაც სომეხი ხალხისთვის სასარგებლოა.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანიის ფონზე სომხეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

„მე პირადად გითხარით და შემიძლია, საჯაროდაც განვაცხადო, რომ ჩვენ ყოველთვის კმაყოფილი ვართ იმით, რაც სომეხი ხალხისთვის სასარგებლოა. თქვენ შეგიძლიათ, ყოველთვის აქედან გამომდინარე იხელმძღვანელოთ“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთსა და სომხეთს საერთო ისტორია და საერთო ცივილიზაცია აკავშირებთ.

„რუსეთსა და სომხეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რომელიც არა ათწლეულების, არამედ საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია და ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც წარსულში საერთო პრობლემების გადასაჭრელად გაგვიწევია. ჩვენ ასევე გვაერთიანებს საერთო ცივილიზაცია – ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პუტინმა.