რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 19 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ნაწილს და აკავშირებს საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.
გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.3 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით.
ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.
ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობისთვის ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერები მიმდინარე წლის მარტში გააუქმა. ამავე დროს, გაუქმდა საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვაც. ახლა ირკვევა, რომ დეპარტამენტმა მშენებლობის ზედამხედველობის შესყიდვა ხელახლა გამოცხადდა.