სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ სომხეთისთვის საქართველო არის „გზა ევროკავშირისკენ“. მის სიტყვებს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ბევრმა ეს გამოსვლა დადებითად და მხარდამჭერად მიიჩნია, თუმცა მის მიმართ დამოკიდებულება მაინც ორაზროვანი რჩება.
ფაშინიანის განცხადება
ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება სომხეთის პერსპექტივებზე. მან ასევე შეახსენა დამსწრეებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს კავშირის ყველა სტანდარტის შესრულებას და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომხეთი არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იგი მაინც მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით. ამრიგად, ერევნისთვის შემდგომი ინტეგრაციის საკვანძო პირობად რჩება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის გააქტიურება, რაც სომხეთისთვის უფრო ნათელ და ხელშესახებ პერსპექტივას ქმნის.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ამჟამად ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდ პრობლემას ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობა წარმოადგენს. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო ხელშესახები გახადა“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მოელის და ითხოვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს.
„ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარდეს კონსტრუქციული პროცესი. ეს ისევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, — აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
რას ამბობენ საქართველოში
ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი მსგავს განცხადებებს უფრო მეტად ერევნის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის რიტორიკად აღიქვამს, ვიდრე ფაქტორად, რომელსაც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ნორმალიზებაზე. საქართველოში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის მთავარი დაბრკოლებები თბილისში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და არა მესამე ქვეყნების მხრიდან შუამავლობის შეთავაზებებს.
ანალიტიკოსები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქართული აუდიტორიისთვის მსგავსი განცხადებები შესაძლოა არაერთგვაროვნად იქნეს აღქმული, განსაკუთრებით მიმდინარე დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარებისა და დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის მხრიდან არსებული კრიტიკის ფონზე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფაშინიანის სიტყვები ჯდება უფრო ფართო რეგიონულ ტრენდში, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ცდილობენ უფრო აქტიური როლი ითამაშონ ევროპულ ინტეგრაციასა და დიპლომატიაში, თუმცა მსგავსი განცხადებების რეალური გავლენა კვლავ განხილვის საგნად რჩება.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ნიკოლ ფაშინიანის როლს საქართველო-ევროკავშირის შუამავლობაში და მის მოტივაციას განიხილავს, როგორც სომხეთის შიდა პოლიტიკური ინტერესებისა და სტრატეგიული მიზნების ერთობლიობას:
„რატომ აიღო ფაშინიანმა ამ საკითხში შუამავლის როლი? მისი მოტივაცია რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ერთი მხრივ, აქ შესაძლოა არსებობდეს შიდა პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესი — აჩვენოს სომეხ ამომრჩეველს, რომ იგი არა მხოლოდ საკუთარ საკითხებს აგვარებს ევროკავშირთან, არამედ აქტიურ როლს თამაშობს რეგიონში და ეხმარება კიდეც საქართველოს. მეორე მხრივ, სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში ნამდვილად შედის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან საქართველო სომხეთისთვის ევროპასთან კავშირის მთავარ არხად რჩება.“
შესთავაზა თუ არა ფაშინიანმა ეს შუამავლობა თავად საქართველოს მთავრობას, თუ თხოვნა თბილისიდან წამოვიდა?
სავარაუდოდ, ორივე მხარე იყო დაინტერესებული მსგავსი საუბრით. შესაძლოა, ფაშინიანმა ჰკითხა ქართულ მხარეს, თუ რატომ არ ცდილობენ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაზეც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ დიალოგი მათ არ შეუწყვეტიათ. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ფაშინიანმა შესთავაზა შუამავლობა და ამ საკითხის ლობირება ევროკავშირში საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ ფაშინიანის ვიზიტის მოსამზადებელმა ჯგუფმა წინასწარ გათვალა და დაგეგმა ამ საუბრის სცენარი და მისი შედეგი.
საბოლოოდ, ფაშინიანი ევროპარლამენტის წინაშე საქართველოსთან დიალოგის აღდგენის თხოვნით იმავე დღეს გამოვიდა, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ რეზოლუციას იღებდა. აშკარაა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადებას რეალურად ვერ მოახდენდა გავლენას ევროპარლამენტარების განწყობაზე, ვინაიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საკითხზე უკვე ათზე მეტი რეზოლუცია იქნა მიღებული და პარლამენტში საკმაოდ მყარი პოზიცია ჩამოყალიბდა: ისინი არ დაიხევენ უკან, სანამ საქართველოს ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს.
თუმცა, ფაშინიანის ამ „შიდაკავკასიურ და ევრო-ვექტორულ“ სოლიდარობას ბრიუსელში ნამდვილად დააფასებენ“, — წერს საკუთარ Facebook გვერდზე პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.
პოლიტოლოგი გელა ვასაძე გვთავაზობს ამ ნაბიჯის მიზეზებისა და შესაძლო პოლიტიკური მოტივების საკუთარ ანალიზს:
„საქართველოს მთელი საექსპერტო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით განიხილავს ნიკოლ ფაშინიანის მიმართვას ევროპარლამენტისადმი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მის ევროპულ არჩევანში. არსებობს ორი ვერსია. პირველი — ფაშინიანს ეს სჭირდება, რადგან საქართველოს გარეშე სომხეთი ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი. მეორე — ფაშინიანი „ქართული ოცნების“ ლობისტი გახდა და დემოკრატიის იდეალებს უღალატა. მოდით, გავერკვიოთ.
უპირველეს ყოვლისა, საუბარი საერთოდ არ არის იმაზე, რომ სომხეთი ევროკავშირის ნაწილი გახდება. საუბარია ევროკავშირთან ურთიერთობის ფორმატზე, რომლის დროსაც ქვეყანა იღებს საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ და პოლიტიკურ დივიდენდებს. სჭირდება ფაშინიანს ამისთვის საქართველო? არა, არ სჭირდება. აი, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის კი სომხეთს, ისევე როგორც საქართველოს, ათას თანმდევ ფაქტორთან ერთად, თურქეთის ევროკავშირში წევრობა სჭირდება. ეს გეოგრაფიაა. თუმცა, სწორედ სომხებისთვის, მათი ისტორიული მსხვერპლის ხატებით, ევროპაში თეორიულად შეიძლება დაეშვათ გამონაკლისი გამონაკლისთა შორის. პროდასავლური სომხეთი — ბენილუქსის ქვეყნების ნებისმიერი პოლიტიკოსის ოცნებაა, და არა მხოლოდ ბენილუქსის.
ვაფიქსირებთ: ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის სომხეთს საქართველო არ სჭირდება. აი, ლოგისტიკის განვითარებისთვის კი — სჭირდება, თანაც ძალიან. განსაკუთრებით „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის კონტექსტში, ნიხიჭევანის გავლით ირანთან სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის სრულიად რეალური პერსპექტივის გათვალისწინებით. სანქციების ქვეშ მოქცეული ქართული პორტები მნიშვნელოვნად დააკნინებს სომხეთის როლს სამხრეთკავკასიურ ლოგისტიკურ ჰაბში. ალბათ ვინმე ახლა იფიქრებს: რას წერს, რა ირანი, ნახეთ აქ რა ხდებაო. ასეა — ის, რაც ხდება, ადრე თუ გვიან დასრულდება. TRIPP-ის პროექტიცა და აზერბაიჯანთან და თურქეთთან კომუნიკაციების გახსნაც არ არის რამდენიმე კვირის საკითხი. აი, სანქციები ქართული პორტების წინააღმდეგ კი, თუ მათ შემოიღებენ, შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის ფაშინიანის მიმართვის ერთ-ერთი მიზეზი.
ახლა რაც შეეხება „დემოკრატიის ღალატს“. ეს საერთოდ უცნაური პრეტენზიაა. ფაშინიანი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება დემოკრატი ლიბერალური ევროპული გაგებით. იგი სომხეთში აშენებს საკმაოდ ხისტ ავტორიტარულ რეჟიმს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და ეს სულაც არ ხდება იმიტომ, რომ ის ცუდია, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად სრულფასოვანი ნაციონალური სახელმწიფოები არ იქმნება.
ფაშინიანის ავტორიტარიზმი არის მოდერნიზაციული ტიპის ავტორიტარიზმი, განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც სომხეთში მასზე ადრე ბატონობდა და უბრალოდ საბჭოთა მემკვიდრეობის კონსერვაციას ახდენდა. ამიტომ, „ქართული ოცნების“ დაცვით ფაშინიანი სულაც არ მიდის საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ. ხოლო ის, რომ ავტორიტარიზმის ჩვენი მოდელი შორს არის მოდერნიზაციულისგან — ეს უკვე ჩვენი პრობლემაა.
საბოლოო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ქვეყანაზე უნდა იფიქროს და არა საქართველოს განვითარებაზე. საქართველოს ხელისუფლებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა კი ის დამატებითი ბონუსია, რომელიც ყოველთვის შეიძლება გამოიყენო როგორც შიდაკავკასიურ პოლიტიკაში, ისე საგარეო კონტურზეც.
მოკლედ რომ ვთქვათ: ფაშინიანი არც „ქართულ ოცნებას“ გადაარჩენს და არც დემოკრატიას ღალატობს. ის უბრალოდ მოქმედებს, როგორც რაციონალური პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს გადაჭრას საკუთარი ქვეყნის ამოცანები და ამავდროულად დაიწეროს დამატებითი ქულები ბრიუსელშიცა და სამხრეთ კავკასიაშიც. აი, ასეთია რეალური სურათი“, — წერს პოლიტოლოგი გელა ვასაძე საკუთარ Facebook გვერდზე.