საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალების მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად, ძირითადად იგეგმება მიწების გამოსყიდვა მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მსგავსი ბრძანებები ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა 2024 წელს, ასევე 2025 წლის სექტემბერსა და მაისში, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფომ პროექტის განსახორციელებლად საჭირო მიწები იძულებითი წესით გამოისყიდა. ახალი ბრძანების შესაბამისად, მოხდება 1737 კვადრატული მეტრისა და 1457 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთების იძულებითი გამოსყიდვა.

კანონის თანახმად, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი კომპენსაციის საფუძველზე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან კომპენსაციის ოდენობაზე, დავა სასამართლოში გადაწყდება.

სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავიდან დაიწყება და წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

პროექტის მიხედვით, ჯამში აშენდება 61.3 კმ სიგრძის, ოთხზოლიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო საერთაშორისო მოთხოვნა. ახალი მაგისტრალის მშენებლობას EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი) 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხით აფინანსებს.

პროექტზე ტენდერი ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა, თუმცა 2026 წლის თებერვალში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, დაბალი კონკურენციის გამო, მისი შეწყვეტა გადაწყვიტა.