ბოლო დღეებში შეინიშნება ტვირთბრუნვის მოცულობის გარკვეული კლება, რაც არც ისე მკვეთრია“, – განაცხადა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა სომხეთ-ირანის საქონელბრუნვის შესახებ.
კომიტეტის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, „ბუნებრივი და მოსალოდნელია, რომ ტვირთგადაზიდვების მოცულობა შემცირდეს“.
„ირანში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადამზიდველებს აღარ სურთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენება და ჩინეთიდან თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტვირთების გადაზიდვისთვის უპირატესობას საქართველოს ტერიტორიას ანიჭებენ“, — აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პროგნოზის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანიდან იმპორტირებული საქონლის დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, ირანის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, სომხეთის ხელისუფლებამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რისკების შესამცირებლად და მინიმუმამდე დასაყვანად.
ჟურნალისტები სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტისგან დაინტერესდნენ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთ-ირანის საზღვარზე გამშვები პუნქტი ირანული მხრიდან მოქალაქეებისთვის დაკეტილია, თუმცა ღიაა სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისთვის.
უწყებაში უპასუხეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია მხოლოდ პერიოდულად წარმოქმნილი რიგების შესახებ, რაც გამოწვეულია „ირანულ მხარეს კავშირის ხარვეზებით“.
„აგარაკის გამშვები პუნქტის გარეთ, სომხურ მხარეს, რიგებია. ამ დროისთვის რიგში 180-200 სატვირთო ავტომობილი ელოდება“, — განაცხადეს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში წინა დღით.
მათივე ინფორმაციით, კავშირის არქონის შემთხვევაში მუშაობა გრძელდება ქაღალდის დოკუმენტაციითაც, რაც უფრო დიდ დროს მოითხოვს.
„რიგების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებისთვის შესაძლოა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სატვირთო მანქანების შეუფერხებელი გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანში კავშირის ხარვეზებისა და სატვირთოების რიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, 4 მარტს, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სომხეთიდან ირანის მიმართულებით და პირიქით, ტვირთბრუნვის მოცულობაში არსებითი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
„აგარაკის“ საბაჟო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება როგორც სომხეთიდან ირანში, ისე ირანიდან სომხეთში სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას. დღე-ღამეში საშუალოდ 400-450 სატვირთო მანქანა გატარდება“, — განაცხადეს კომიტეტში.
ირანის მიმართულებით აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ, ოფიციალურ ერევანს სომხეთ-ირანის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, 2 მარტს, სომხეთში ირანის ელჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზღვარი დროებით, 24 საათით ჩაიკეტა, რის შემდეგაც კვლავ გაიხსნა.
„ირანის ორი საზღვარი, სასაზღვრო სისტემებში არსებული პრობლემების გამო, 24 საათის განმავლობაში დაკეტილი იყო; მათგან ერთ-ერთი სწორედ ირან-სომხეთის საზღვარი გახლდათ. დღეს დილით, 09:30 საათზე, ეს პრობლემა მოიხსნა და ამჟამად მოძრაობა ორივე მხრიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს“, — აღნიშნა ხალილ შირღოლამიმ.
ეკონომისტი სურენ პარსიანი MediaHub-თან საუბრისას აღნიშნავს:
„ირანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია არა მხოლოდ ამა თუ იმ საქონლის იმპორტისა თუ ექსპორტის თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ის ჩვენი ალტერნატიული გზა და გარე სამყაროსთან კავშირია.
სასურსათო ნაწილში ირანზე დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, თუმცა სეზონურობიდან გამომდინარე, შემოგვაქვს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. გაზაფხულისა და ზამთრის თვეებში ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩვენთან ან არ იწარმოება, ან ძალიან ძვირად იყიდება. თუ ეს ბლოკადა და ომი დიდხანს გაგრძელდება, აღნიშნული პროდუქტები შესაძლოა ჩვენთანაც გაძვირდეს.
ირანიდან ასევე შემოგვაქვს რძის ნაღები, რძის ფხვნილი და კარაქიც კი. ჩვენთან რძის წარმოების მოცულობა არათანაბარია: ზაფხულში ბევრ რძეს ვაწარმოებთ, ზამთარში კი — ძალიან ცოტას. ბუნებრივია, მოსახლეობას რძის პროდუქტები სჭირდება და ამ ნედლეულის პრობლემას ხშირად ირანიდან იმპორტის საშუალებით ვწყვეტთ. თუ ეს ნედლეული დიდი ხნის განმავლობაში დაგვაკლდება, ამამ შესაძლოა გავლენა იქონიოს რძის პროდუქტების ფასებზე.
სომხეთმა უნდა სცადოს (სხვადასხვა საქონლის) იმპორტის ალტერნატიული გზების მოძიება საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა მიმართულებებიდან, რაც გარკვეულწილად ინფლაციის შერბილების საშუალებას მოგვცემს“.
წყარო: JAMnews