შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს სამი პირი – 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1985 წელს დაბადებული ა.ა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და გასაღების ხელშეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების საცხოვრებელი ფართების ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ასევე 260-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.