ერევანში უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ავტონაწილებისა და ნომრების ქურდობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. დამნაშავეები ერთი და იგივე სქემით მოქმედებენ: ღამით ხსნიან ნაწილებს ან სანომრე ნიშნებს, ავტომობილზე ტოვებენ Telegram-ის მომხმარებლის სახელით დაწერილ ფურცელს, მოგვიანებით კი გამოსასყიდს ითხოვენ, როგორც წესი, კრიპტოვალუტით. ამ თაღლითობის მსხვერპლი ხშირად ქართული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ხდებიან.
მსხვერპლნი ძირითადად უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მფლობელები არიან, რადგან მათთვის მოპარულის შეცვლა სომხეთში ბევრად რთულია.
„ეს უკვე დიდი ხანია სისტემად იქცა,“ – ამბობს გრიგორი (სახელი შეცვლილია), რომელიც ერევანში ხუთ წელზე მეტია ცხოვრობს.
მას რუსული ნომრებით ავტომობილი ჰყავს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ორჯერ გაძარცვეს. პირველად ქურდებმა სანომრე ნიშნები მოხსნეს, მეორედ კი – გვერდითა სარკეები.
„როდესაც დატოვებულ მომხმარებლის ნიკს მივწერე, მათ დიდი თანხა მომთხოვეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, უფრო მცირე თანხაზე დათანხმდნენ. თანხის მიღება ხდებოდა მხოლოდ DASH კრიპტოვალუტით. როდესაც სარკეები ავიღე, აღმოჩნდა, რომ ისინი დაზიანებული იყო,“ – იხსენებს გრიგორი.
ერევნის მცხოვრები დავითი (სახელი შეცვლილია), რომლის მანქანაც ქართული სანომრე ნიშნებით არის, ანალოგიური სიტუაციის წინაშე დადგა. როდესაც ის ქალაქგარეთ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, შენიშნა, რომ მანქანას გვერდითა სარკეები აკლდა. რესტორნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა ქურდის იდენტიფიცირებაში შეუწყო ხელი. დავითის თქმით, რესტორნის მეპატრონემ თავად აიძულა ქურდი, მოპარული ნივთები დაებრუნებინა.
კიდევ ერთი მსხვერპლია ნარეკი (სახელი შეცვლილია), რომელიც ათ წელზე მეტია ერევანში ცხოვრობს. მასაც ქართული სანომრე ნიშნებიანი მანქანა ჰყავს. მას რამდენიმე ავტონაწილი მოპარეს, თუმცა Telegram-ის მისამართი არ დაუტოვებიათ, ამიტომ მან უბრალოდ ახალი ნაწილები საკუთარი სახსრებით იყიდა.
გამოკითხულთაგან არცერთს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მათი თქმით, ბევრი, ვინც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, შედეგს ვერ მიაღწია.
„ყველამ იცის, რომ საქმეები ბოლომდე არ მიდის, ამიტომ ადამიანები თავად აგვარებენ თავიანთ პრობლემას,“ – ამბობს გრიგორი.
ამავდროულად, ერევნის პოლიციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა 16 წლის ბიჭისა და 23 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მსგავსი ქურდობების სერიაში. დეპარტამენტის ცნობით, 13 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 04:40 საათზე, საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა ჰუნან ავეტისიანის სახელობის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა შენიშნეს. ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციელების დანახვისას ჩანთაში რაღაცის დამალვა სცადა. ისინი ნორ ნორკის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
გაირკვა, რომ დაკავებულებმა — ერთი ერევნის მკვიდრი, მეორე კი არარატის პროვინციის სოფელ ნორაბაცის მცხოვრები — დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაჩერებული დაახლოებით 40 ავტომობილის სათადარიგო ნაწილები მოიპარეს. შემდეგ ისინი მანქანებზე ტოვებდნენ ფურცლებს Telegram-ის არხების მისამართებით და გამოსასყიდს ითხოვდნენ მოპარული ნივთების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. პირადი ჩხრეკისას, ერთ-ერთ დაკავებულს 15 ფურცელი აღმოუჩინეს Telegram-ის ნიკებით.
ეჭვმიტანილების დაკავების მიუხედავად, დედაქალაქის მაცხოვრებლები თვლიან, რომ პრობლემა მოუგვარებელი რჩება. უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მფლობელებს კვლავ ეშინიათ ღამის ქურდობების, ხოლო Telegram გამომძალველების მთავარ ინსტრუმენტად რჩება.
თამარა პარაკესიკიან