სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 1 იანვრიდან 2 წლის ნაცვლად 1.5 წელი იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ეს რეგულაცია 2026 წლის საზაფხულო გაწვევიდან შევიდოდა ძალაში. დღეს განვიხილე ეს საკითხი თავდაცვის მინისტრთან, წინა პერიოდში კი საპარლამენტო პარტნიორებთან, და გადავწყვიტეთ, რომ კანონი უფრო ადრე — 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს. ანუ, 2026 წლის 1 იანვრიდან, ზამთრის გაწვევიდან, სომხეთში ვადიანი სამხედრო სამსახური 2 წლის ნაცვლად 1.5 წელი იქნება“, — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის შემცირების პროექტი სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა. სამხედრო უწყება ასაბუთებს, რომ გაიზარდა საკონტრაქტო მოსამსახურეების რაოდენობა და ჩამოთვლის, თუ რა მიმზიდველი ნაბიჯები გადადგეს და დგამენ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გაფართოებისთვის.